საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ახალი ტურისტული ზონების იდეისა და კონცეპტუალური დიზაინის მომზადებისთვის 335 134 დოლარის ღირებულების მომსახურების შეძენას გეგმავს. უწყება ამ მიზნით გამარტივებული შესყიდვის პროცედურას იყენებს.

შესყიდვების სააგენტოში გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, პროექტი თავდაპირველად კურორტების განვითარების სააგენტომ დაიწყო, თუმცა უწყების გაუქმების შემდეგ მისი ფუნქციები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა.

კურორტების განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია CITYFÖRSTER PartGmbB-თან ხელშეკრულება 2025 წლის ოქტომბერში გააფორმა. ახლა კი ტურიზმის ადმინისტრაცია ხელშეკრულების პირობების შეცვლას და პროექტის დასრულების ვადების გადაწევას ითხოვს.

ცვლილებების მიხედვით, მეორე ეტაპის ანგარიში — „ხედვა, სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობა“ — კომპანიამ არაუგვიანეს 2026 წლის 12 ივნისამდე უნდა წარადგინოს, ხოლო საბოლოო ეტაპის დასრულების ვადა 2026 წლის 30 სექტემბრამდე გადაიწევს.

ადმინისტრაცია ვადების გახანგრძლივების მიზეზად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებს. უწყების განმარტებით, ამან ადგილზე საველე სამუშაოების ჩატარება შეაფერხა.

პროექტი რაჭის რამდენიმე ტურისტული ზონის განვითარებას უკავშირდება. მრავალძალი, შხივანა, ბეთლევი და სხარტალი ის ადგილებია, რომლებიც 2024 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტურისტული განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ რაჭაში ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მსჯელობა შოვის ტრაგედიის შემდეგ მიმდინარეობს. სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებლად შეფასდა.