საბანკო სესხების ვადაგადაცილების მხრივ სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავეა და სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კოტე გაბრიჩიძემ.
„არ სჭირდება დიდი აკადემიკოსობა, ეს ყველაფერი არის მომხდარი კორონა ვირუსის დროს. დარგი ფაქტობრივად, აკრძალა ჩვენმა სამმა გენიოსმა ექიმმა იმ პერიოდში, რასაც აყოლილი იყო მთავრობაც. ეს ჩამოკიდებული სესხები კორონამდე არასდროს ყოფილა.
ერთი მესამედი ჩვენი კომპანიების გაკოტრდა და საერთოდ გაქრა - 10 ათასი ორგანიზაციიდან კორონა ვირუსის დამთავრების შემდეგ 6500 დარჩა, დანარჩენი, დაახლოებით 3500 გადაჰყვა ამ საშინელ აკრძალვებს. მთელ მსოფლიოში შეზღუდვები რომ იყო ჩვენს დარგში, ათასნაირი კომპენსაცია გაიცემოდა. მაგალითად, ამერიკაში რესტორნებს 150 ათასი დოლარი მისცეს, პატარა კაფეებს - 50 ათასი დოლარი. ჩვენთან კი ძალიან ბევრი რესტორანი ფართის მეპატრონეებმა ფართიდან გააგდეს. დარგი იყო გაწირული და ამ გაწირულ დარგს რომ დარჩა გადაუხდელი კრედიტები, ყველას გაუკვირდა. იმიტომ დაგვრჩა, რომ იმ პერიოდში გაგვწირეს, 200 ათასი ადამიანის დამსაქმებელი დარგი ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს. საბედნიეროდ, დღეს მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.