ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ 4500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას.
ტყიბულის ახალი სტადიონზე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, დოპინგ-კონტროლის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და მედიაცენტრი.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა და სტადიონის აღჭურვა უსაფრთხოების, განათების, გახმოვანებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო თანამედროვე სისტემებით.
ტყიბულის სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ახალ სტადიონზე შესაძლებელი იქნება როგორც სპორტული, ისე კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.