„ქართუ ჯგუფი“ ორთაჭალის ხიდთან მრავალფუნქციური ცათამბჯენების „ორთაჭალა თაუერსის“ მშენებლობას გეგმავს.

როგორც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანიას აღნიშნულ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმაზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ორი მაღლივი შენობა, რომელთა სიმაღლეები 125.5 მ (32 სართული) და 177.4 მ (48 სართული) იქნება.

„გრგ-ს დავალების პროექტში წარმოდგენილია ტერიტორიის განვითარება მულტიფუნქციური კომპლექსის იდეით. იგეგმება 1 მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა, რომელსაც ექნება ორი საცხოვრებელ/კომერციული ფუნქციის მქონე კოშკი, მოთავსებული საერთო ბაქანზე. ამასთან ერთად სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, გამწვანებული ტერიტორიების და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა - რომელთა რაოდენობაც სრულიად დააკმაყოფილებს ახლად შექმნილ საცხოვრებელ ფართებს და არამარტო.

ავტოსადგომები სრულად მიწისქვეშ იქნება მოწყობილი კანონმდებლობით მოთხოვნილი რაოდენობის გათვალისწინებით. საპროექტო გადაწყვეტით დაცულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მიჯნის ზონები, განთავსებები და სიმაღლეები. საპროექტო განაშენიანების, ბინებისა და მოსახლეობის მიახლოებითი სიმჭიდროვე: საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართი: 67 461 კვ.მ. საპროექტო სიმჭიდროვე: 67 461 / 25 = 2698 მოსახლე. სულ, საპროექტო ტერიტორიის ფართია 25 831 მ2“ - წერია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, შპს „ქართუ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“.