ბაკურიანში სამედიცინო მულტიფუნქციური ცენტრის აშენება იგეგმება. ამის შესახებ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კურორტზე ადგილობრივებისა და დამსვენებლებისთვის გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისების მიწოდების აუცილებლობა დგას.

„საუბარია, რომ აშენდეს უფრო დიდი მულტიფუნქციური და მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი, რომელიც ყველა საჭირო სერვისებით მოემსახურება ბაკურიანს.

ეს მხოლოდ იდეის დონეზე არ არის, ვთვლი, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ამაზე საუბარი გვქონდა სამცხე-ჯავახეთის პარლამენტის დელეგატთან, მან გააგზავნა წერილიც. წერილი გაგზავნილია ჯანდაცვის მინისტრთან და საკითხზე უკვე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული საუბრები. დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს ამ კლინიკის მშენებლობის დაწყებას, რადგან ამის გადაუდებელი საჭიროება დგას უკვე ბაკურიანში.

ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან გაზრდილია. გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ 50 000 ვიზიტორზე ერთდროულად, როგორ შეიძლება რომ ერთმა სპეციალისტმა უზრუნველყოს რომელიმე სერვისი ამ დროს“, - განაცხადა ეკა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს ბაკურიანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ დაბაში არსებული არასრული სამედიცინო სერვისები იყო.

„შარშან ბაკურიანში ყველაზე დიდი გამოწვევა სამედიცინო სერვისები იყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ძალიან პატარა საავადმყოფოა და ერთი ტრავმატოლოგი მუშაობდა. გვქონდა შემთხვევები, მაგალითად 3-4 იანვარს, როცა 50 შემთხვევა იყო მოტეხილობით. რა თქმა უნდა, ერთი ტრავმატოლოგი ამას ვერანაირად გაუმკლავდებოდა. ჩვენ მიწერილი გვაქვს უკვე წერილები ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ჩავაყენეთ ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსში, რომ აუცილებლად მოხდეს სასწრაფოს ეკიპაჟების დამატება, ასევე მუდმივად უნდა იყოს კატასტროფის ერთი მანქანა. აუცილებლად უნდა დაემატოს სპეციალისტებიც. მივიღეთ პირობა და ვთვლი, რომ 25 დეკემბრიდან ეს პრობლემაც მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.

www.bpn.ge