ონლაინვაჭრობას ფიზიკურ მაღაზიაზე სამჯერ მეტი სასაწყობე სივრცე სჭირდება.
ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოში სასაწყობე და ლოგისტიკურ მომსახურებაზე მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, ელექტრონული ვაჭრობა გაყიდული პროდუქციის ერთეულზე დაახლოებით სამჯერ მეტ სასაწყობე სივრცეს საჭიროებს, ვიდრე ტრადიციული ფიზიკური მაღაზია. დამატებითი ფართი საჭიროა საქონლის დახარისხებისთვის, შეკვეთების შესაფუთად და დაბრუნებული პროდუქციის მისაღებად.
ამასთან, საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში ჯერ მხოლოდ 2.2%-ია, ევროკავშირში კი 12.2%-ს აღწევს. განსხვავება ადგილობრივი ბაზრის ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე მიუთითებს.
ონლაინგაყიდვების ზრდამ განსაკუთრებით შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა 3PL მომსახურებაზე. მცირე და საშუალო კომპანიებს ხშირად არ აქვთ საკმარისი კაპიტალი საკუთარი საწყობის ასაშენებლად ან იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა, რომელიც დამოუკიდებელი ლოგისტიკური ცენტრის მართვას გაამართლებს.
შესაბამისად, ელექტრონული ვაჭრობის გაფართოებამ პროფესიონალური საწყობებისა და შეკვეთების შესრულების ცენტრების განვითარება შეიძლება დააჩქაროს.