"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" 30% ის წილის მფლობელის, ნათია ჯანაშიას მიერ საჯარო განცხადებებში აღწერილი სცენარი, ეკონომიკური და ბიზნეს-ლოგიკის თვალსაზრისით, დამაჯერებლად არ გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ახალი წესდების რეგისტრაციის შეფერხების შესაძლო კავშირზე კომპანიის მიტაცების მცდელობასთან. 

თუ ინვესტორმა კომპანიის 70%-იანი წილი შეიძინა იმ პერიოდში, როდესაც საწარმო არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემდგომ წლებში კი მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი რესურსები ჩადო მის განვითარებაში და შედეგად კომპანიის შემოსავლები რამდენჯერმე გაიზარდა და უკვე მეხუთე წელია სტაბილურად მოგებაზე მუშაობს, ეს ფაქტობრივად წარმოადგენს საწარმოს სრულ ტრანსფორმაციას წარმატებულ და მოგებიან ბიზნესად", - მიაჩნია ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძეს, რომელიც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე ბიზნეს-დავის თაობაზე პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას.
მისი თქმით, 2019 წლისთვის, ანუ შეძენის პერიოდისთვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში არსებული მაღალი სასესხო ვალდებულებების გათვალისწინებით, მსგავსი წარმატებული შედეგის მიღწევა ინვესტორის მონაწილეობის გარეშე, ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. 

"ასეთ ვითარებაში ინვესტორის მთავარი ეკონომიკური ინტერესი, როგორც წესი, კომპანიის ღირებულების შემდგომ ზრდასა და ინვესტიციის უკუგების მაქსიმიზაციას უკავშირდება და არა მინორიტარი აქციონერის კომპანიიდან განდევნას. მით უმეტეს, რომ 70%-იანი წილის მფლობელი უკვე ფლობს საკონტროლო პაკეტს და კორპორაციულ გადაწყვეტილებათა უმრავლესობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს", - ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმით, სამართლებრივი პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორაციული კონფლიქტები ხშირად დაკავშირებულია არა უშუალოდ კომპანიის მიტაცებასთან, არამედ კორპორაციული უფლებამოსილებების გამოყენების ფარგლების სხვადასხვაგვარად აღქმასთან.  

"როცა საუბარია ნათია ჯანაშიას მხრიდან, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმატის შესაბამისი, ახალი წესდების მიღებაზე უარის თქმაზე, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ მხარე იმასაც აღწერს, თუ კონკრეტულად რა მიზეზებმა განაპირობა მისი ეს პოზიცია, მაგრამ ნათია ჯანაშიას გუნდის მხრიდან საჯაროდ გავრცელებული განცხადებებიდან მსგავსი მიზეზები არ იკვეთება, - საზოგადოებას არ უხსნიან, კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა ახალ წესდებაში, როგორ აისახა ისინი მინორიტარის უფლებებზე და რომელი საკითხები გახდა მხარეებს შორის უთანხმოების საგანი. ეს ფაქტი, თავისთავად,  ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ცუცქირიძე ხაზს უსვამს, რომ კორპორაციულ დავებში ხშირად მოქმედებს პრინციპი: „ეძებე, ვის აძლევს ხელს“ (cui bono) ანუ ვინ იღებდა რეალურ სარგებელს ამ თუ იმ კონკრეტული ფაქტიდან თუ ქმედებიდან. "ამ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შეფერხების შედეგად უფრო მეტად ინარჩუნებს უფლებებს ან გავლენას მინორიტარი, მაშინ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გაჭიანურება შესაძლოა მის ინტერესშიც არანაკლებ ყოფილიყო თუ მეტად არა. თუ შეფერხება უმცირესობას აძლევდა დამატებით ბერკეტებს, ეჭვი სხვა მიმართულებით გადავა. 

შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების მთავარი საკითხი  არის არა ის, შეიცვალა თუ არა წესდება, არამედ, თუ რა კონკრეტული ცვლილებები განხორციელდა, როგორ აისახა ისინი მინორიტარი აქციონერის უფლებებზე და ადგილი ჰქონდა თუ არა ამ უფლებების არაპროპორციულ ან მიზანმიმართულ შეზღუდვას. ამ თემებზე ნათია ჯანაშია უბრალოდ არ საუბრობს, რაც ლოგიკურად მიუთითებს იმაზე, რომ მისი ინტერესი, მტკიცებულებეზე და სხვა დოკუმენტირებულ საფუძვლებზე დაყრდნობით საკუთარი პოზიციის წარმოდგენა და დაცვა კი არა რის, არამედ  საზოგადოების წინაშე "ცალმხრივი მსხვერპლის" როლში თავის წარმოჩენა, რისთვისაც მაქსიმალურად ცდილობს არა სამართლებრივ, არამედ  ემოციურ მომენტებზე აპელირებას. არადა, საბოლოო ჯამში, ყველა სასამართლო, ქართულიც და ბრიტანულიც, ფაქტია, საბოლოო შეფასებებს არა საჯარო ემოციებზე, არამედ წარდგენილ მტკიცებულებებსა და დოკუმენტებზე დააფუძნებს", - მიაჩნია გიორგი ცუცქირიძეს.