ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო დავის მიმდინარეობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში „აკადემიის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო სხდომები, შესაძლოა დავაში გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდეს.

მისი თქმით, გარედან ეს საქმე შეიძლება ჩვეულებრივ კორპორაციულ კონფლიქტად ჩანდეს - პარტნიორთა დაპირისპირება, დირექტორის გადაყენება, ფინანსური მოთხოვნები და ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, მაგრამ ამ საქმის განვითარებას თუ ცივი გონებით შევხედავთ, ერთი რამ უკვე აშკარაა - ნათია ჯანაშია სულ უფრო რთულ სამართლებრივ პოზიციაში გადადის.

“საჯარო სივრცეში შესაძლებელია საკუთარი ისტორიის ისე მოყოლა, რომ ადამიანი წარმოჩნდეს დაზარალებულად, კომპანიისგან უსამართლოდ ჩამოშორებულ დამფუძნებლად და ინვესტორის წინააღმდეგ მებრძოლ მხარედ, მაგრამ სასამართლოში ეს ნარატივი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მას შესაბამისი მტკიცებულებები ამყარებს.

და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რამდენად შეძლებს ნათია ჯანაშია სასამართლოში იმ ვერსიის დამტკიცებას, რომელსაც საჯარო სივრცეში წლების განმავლობაში ანვითარებს”, - კითხულობს ანალიტიკოსი.

ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ საქმის დღევანდელი სურათი ნათია ჯანაშიასთვის მარტივი ნამდვილად არ არის. “ერთ მხარეს არის მისი მოთხოვნები პარტნიორობიდან გასვლის, ზიანის ანაზღაურების, დირექტორის პოზიციასთან დაკავშირებით დავა, 70%-იანი პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნა და ამ მოთხოვნების სამართლებრივი შეფასება ჯერ კიდევ წინ არის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ინვესტორის მხარეს თავმოყრილი საპასუხო სამართლიანი პრეტენზიები ჯანაშიას მოთხოვნების დამაჯერებლობას, ფაქტობრივად აქარწყლებს.

“არსებული ინფორმაციით, „საქართველოს განათლების ჯგუფი“ ითხოვს ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისთვის გარკვეული თანხების დაკისრებას - მათ შორის იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი მტკიცებით, ნათია ჯანაშიამ აკადემიის ფინანსებიდან გამოიყენა ოჯახის წევრებისა და ნათესავებთან დაკავშირებული მოსწავლეების სწავლის საფასურისგან გათავისუფლების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ხარჯების გაწევის, ანუ საკუთარი და ოჯახის წევრების საჭიროების გამო.

ცალკე საკითხია დავით ცეცხლაძის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავაც. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდში შესაძლო გაფლანგვა-მითვისების საკითხს, რომლის მოცულობაც 4 მილიონ აშშ დოლარამდეა.

ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობა ავტომატურად დანაშაულის დამტკიცებას არ ნიშნავს. მაგრამ ასეთი გამოძიების არსებობა სამართლებრივი ბრძოლის კონტექსტს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ცვლის.

ამიტომ უკვე  მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, თუ რა მოთხოვნები აქვს ნათია ჯანაშიას. მთავარი ხდება მეორე კითხვა: რამდენად შეძლებს იგი ამ მოთხოვნების სამართლებრივად და მტკიცებულებებით გამყარებას?

და ვფიქრობ,  სწორედ აქ იწყება ნათია ჯანაშიას სამართლებრივი პოზიციის ყველაზე სუსტი მონაკვეთი: მოთხოვნების დაყენება შესაძლებელია, მაგრამ მათი სასამართლოში დამტკიცება უკვე სრულიად სხვა ამოცანაა. მით უფრო, რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი სარჩელი ერთი მოპასუხის წინააღმდეგ.

ნიშანდობლივია, რომ საქმე რამდენიმე პარალელურ დავად არის გაყოფილი და თითოეულ მათგანში მხარეებს ერთმანეთის წინააღმდეგ საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენა უწევთ. ასეთ ვითარებაში თავდაპირველი ნარატივის შენარჩუნება ნათია ჯანაშიასთვის გაცილებით რთული იქნება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“როდესაც ნათია ჯანაშია ამბობს  „მე უკანონოდ მომექცნენ“, სასამართლოში მოუწევს დამტკიცება თუ  რომელი დოკუმენტი ადასტურებს ამას? ანალოგიურად, იგივე ითქმის მის კიდევ ერთ ნარატივზეც - „კომპანიის ინტერესებს ვიცავდი“, რადგან აქაც მოუწევს დასაბუთება თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო და რა ფინანსური შედეგი მოჰყვა მათ?

ან, -  “პარტნიორმა ვალდებულებები დაარღვია“, - სასამართლოსთვის მტკიცება იქნება თუ სად არის ხელშეკრულება, კონკრეტული ვალდებულება და მისი დარღვევის მტკიცებულება?

სწორედ ეს არის ამ დავის მთავარი არსი, რადგან მის მიერ გამოქვეყნებული წერილებიდან და ფრაზებიდან საქმე გადაინაცვლებს ხელშეკრულებებში, ფინანსურ დოკუმენტებში, საბანკო ოპერაციებში, გადაწყვეტილებებსა და მოწმეების ჩვენებებში”, - ამბობს ცუცქირიძე.

მისი განმარტებით, რაც უფრო მეტი ასეთი დოკუმენტი შედის საქმეში, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭება  იმას, თუ ვინ რამდენად დამაჯერებლად ან/და ემოციურად ჰყვება საკუთარ ისტორიას.

“სწორედ ამიტომ სექტემბრის პროცესები შეიძლება გახდეს გარდამტეხი ეტაპი. თუ ჯანაშიას მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ  აღმოჩნდა, და ვერ დადასტურდა ის გარემოებები, რომლებზეც მისი მოთხოვნებია აგებული, მაშინ მის იმ მცდელობასა, რომ საჯარო სივრცეში შექმნას მისთვის სასურველი ნარატივი და სასამართლოს რეალობას შორის უფსკრული ძალიან მკაფიო გახდება.

ამიტომ დღეს მისი მთავარი პრობლემა, უკვე არა თავად მოთხოვნები, არამედ მათი დამტკიცების ტვირთია. სასამართლოში არ არსებობს „დამფუძნებლის სტატუსით“ მოგებული საქმე, არ არსებობს „მსხვერპლის იმიჯით“ მიღებული გადაწყვეტილება, არ არსებობს სოცქსელებში მოპოვებული რაიმე მორალური უპირატესობა, რომელიც ავტომატურად სამართლებრივ უპირატესობად გარდაიქმნება.

საბოლოოდ, ამ პროცესებს ერთი მარტივი კითხვა გასცემს პასუხს: შეძლებს კი  ნათია ჯანაშია სასამართლოში იმის დამტკიცებას, რასაც საზოგადოებას წლების განმავლობაში უყვებოდა და ღია ცილს სწამებდა ინვესტორს?

და თუ ვერ შეძლებს, რაც ლოგიკურად სწორედაც რომ მოსალოდნელია, მაშინ მისი საჯარო ნარატივის მთავარი საყრდენი ჩამოიშლება. სწორედ ამიტომ არის სექტემბრის სასამართლო პროცესები მნიშვნელოვანი, რადგან ნარატივი სასამართლოში შეიძლება გამოდგეს მხოლოდ დასაწყისად. საქმის დასასრული მხოლოდ მტკიცებულებებს ეყრდნობა - მტკიცებულებებში კი ნათია ჯანაშია, როგორც იკვეთება, მნიშვნელოვნად  მოიკოჭლებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი.