საქართველოში მშენებლობის ღირებულება ივლისში როგორც წლიურად, ისე თვიურად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.3%-ით, ხოლო ივნისთან შედარებით 0.8%-ით არის გაზრდილი.

წლიურ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიის გაძვირებამ მოახდინა. აღნიშნულ კომპონენტში ფასები 15.2%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინდექსის ცვლილებაში 1.81 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

გარდა ამისა, მშენებლობის სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა, რაც ინდექსის საერთო ზრდაზე 1.43 პროცენტული პუნქტით აისახა.

სექტორების მიხედვით, საცხოვრებელი მშენებლობის ღირებულების ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად 0.5%-ით მოიმატა.

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი თვიურად 1%-ით, ხოლო წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით კი ინდექსის ზრდამ როგორც თვის, ისე წლიურ ჭრილში 1% და 4% შეადგინა.

რაც შეეხება თვიურ ცვლილებას, ივნისთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსის 0.8%-იანი მატება, ძირითადად, სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა. ივლისში მათი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 6.4%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინდექსის ცვლილებაში 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, რომელიც ინდექსის საბაზისო პერიოდად არის განსაზღვრული, მშენებლობის ღირებულება 30.3%-ით არის გაზრდილი.