„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ე.წ. რუსლ კანონს. მისი თქმით რასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, შესაძლოა მიღწეულ იქნას მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებისა და ზოგადად ასეთი რეესტრის შექმნის გარეშეც. 

„კომერსანტი“ ნინო ზამბახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„რა გვწყინს კანონს რომ რუსულს ვეძახით? დავარქვათ საზიანო კანონი თუნდაც. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ უჭერენ მხარს ამ კანონს და ღიად აცხადებენ რომ ეს არის ქვეყნისთვის და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციისთვის სახიფათო! მე მომხრე ვარ გამჭირვალიბის! არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, შესაძლოა მიღწეულ იქნას მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებისა და ზოგადად ასეთი რეესტრის შექმნის გარეშეც, რისთვისაც მოქმედ კანონმდებლობაში არასაკმარისი მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, როგორც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „საგადასახადო კოდექსსა“ თუ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონებში. კერძოდ, ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, სრულიად საკმარისი და ეფექტიანი იქნება განისაზღვროს გრანტების შესახებ კანონში, რომ გრანტის მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ყოველწლიური ფორმების, დეკლარაციებისა და ანგარიშების შევსება და წარდგენა, როგორც შემოსავლების სამსახურისთვის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის.

არ იქნება საკმარისი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების და მათი ხარჯვის კანონიერების შესწავლისა და კონტროლისათვის?

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ინტერესებს ვემსახურები და არასდროს გამიტარებია უცხო ქვეყნის ინტერესი!

ძალა ევროპაში და ევრო ატლანტიკურ  ინტეგრაციაშია!“ - წერს ნინო ზამბახიძე.