გეოპოლიტიკური დაძაბულობა პირდაპირ აისახება აგრობიზნესზეც, განსაკუთრებით ისეთ სექტორებზე, რომლებიც გლობალურ ბაზრებთან და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოცვის სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ კომპონენტებზე, რის გამოც რეგიონში ნებისმიერი დაძაბულობა პირდაპირ გავლენას ახდენს წარმოებასა და ექსპორტზე.
„ჩვენი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტირებულ კომპონენტებზე - ტექნიკაზე, სუბსტრატებზე, პლასტმასის ქოთნებზე, აგროტექსტილზე, სასუქებსა და პესტიციდებზე. ამიტომ, რეგიონში ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც გავლენას ახდენს ტრანსპორტზე, ენერგიის ფასებზე ან სავაჭრო მარშრუტებზე, გარკვეულ გავლენას ახდენს სექტორზეც.
ახლა ყველაზე მეტად იგრძნობა ლოგისტიკური რისკების ზრდა. ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ზოგიერთი ავიარეისი გაუქმებულია ან მარშრუტები შეცვლილია, რაც ტრანსპორტირებას უფრო რთულს და ნაკლებად პროგნოზირებადს ხდის. მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია და დროული მიწოდება კრიტიკულია, ამიტომ ავიარეისების შეზღუდვა ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - აღნიშნავს იგი.
ეკა ვეფხვაძე დამატებით გამოწვევად ენერგიისა და საწვავის ფასის სავარაუდო ზრდას მიიჩნევს, რაც როგორც წარმოების, ისე ტრანსპორტირების ხარჯებს გაზრდის.
„ასევე, ენერგორესურსების შესაძლო გაძვირება შეიძლება აისახოს შეფუთვის მასალებზე, აგროტექსტილზე და გარკვეულ აგროქიმიკატებზე. მესამე ფაქტორი შეიძლება იყოს გლობალურ ბაზრებზე ფასების მერყეობა, რაც ასეთ პერიოდებში ხშირად იზრდება“, – განმარტავს ის.
ვეფხვაძის პროგნოზით, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გაიზარდოს როგორც წარმოების, ისე ლოგისტიკის ხარჯები და შეიცვალოს გარკვეული სავაჭრო მარშრუტებიც. ამრიგად, რისკების შემცირების მიზნით, კომპანია საჭირო მასალების წინასწარ დაგეგმვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მუშაობს. ამასთან, ექსპორტის მიმართულებით აქტიურად განიხილება ახალი ბაზრების განვითარებაც.
„ბაზრების დივერსიფიკაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს მოცვი უკვე გადის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე და მომავალშიც ვმუშაობთ ახალი მიმართულებების განვითარებაზე, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით, რათა ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე ბაზარზე და სექტორი უფრო მდგრადი გახდეს გლობალური გაურკვევლობების პირობებში“, – ამბობს ვეფხვაძე.
მისივე შეფასებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, საქართველოში მოცვის სექტორი კვლავ სწრაფად მზარდია. ქვეყანა კონკურენტულია ადრეული სეზონის წარმოებაში და ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პლანტაციების ფართობი, ისე ექსპორტიც: „სწორი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის პირობებში, საქართველოს შეუძლია დარჩეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ რეგიონში“, – აცხადებს ეკა ვეფხვაძე.