კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი, ზვიად გრძელიძე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში "ქართული თაროს" შექმნის ინიციატივით გამოდის, სადაც სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

როგორც გრძელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, მომხმარებელმა მარტივად უნდა შეძლოს ქართული პროდუქციის  თაროზე მოძებნა.

„ყოველწლიურად იმატებს სხვადასხვა ზედნადები ხარჯები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს  ზედმეტად მძიმე ტვირთად აწვება.  არ ვამბობ, რომ სახელმწიფო უხეშად ერეოდეს ჩვენს გაყიდვებში, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი უნდა შეუწყონ თუნდაც იმით, რომ  რითეილ ქსელებში შესვლა შევძლოთ. ასევე, მომხმარებელი, როცა მარკეტში მიდის, უნდა იყოს ე.წ ქართული თარო, სადაც სხვადასხვა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მომხმარებელმა  ქართული პროდუქციის თაროზე მოძებნა მარტივად უნდა შეძლოს.

ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენი პროდუქცია სადღაც კუთხეში, ყველაზე დაბალ ან ყველაზე მაღალ თაროზეა განთავსებული. ეს ცნობადობას და წარმოების განვითარებას ხელს არ უწყობს. ეს არის გამოწვევა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბაზარი დაუცველია. სავაჭრო ქსელების მხრიდან ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, რაც სამწუხაროა და შემიძლია ეს გულისტკივილით გითხრათ”,-განაცხადა ზვიად გრძელიძემ.

მისი განცხადებით, კომპანია ექსპორტზე გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ისრაელთან და უზბეკეთთან აწარმოებდა და ამ მიმართულებით კვლავ მუშაობს.

„ისრაელიდან ამ წლის დასაწყისში იყვნენ ჩამოსული. მათ თავიანთი სტანდარტები და მოთხოვნები გააჩნიათ და ამ საკითხზე ვმუშაობთ.

რაც შეეხება უზბეკეთს - იმდენად დიდი მოცულობის შეკვეთა იყო, ჩვენ უბრალოდ ვერ შევეჭიდეთ. ჩვენ მცირე საწარმო ვართ. საუბარი იყო უწყვეტ მიწოდებაზე და ეს ტკბილეულს ეხებოდა. კომპანიას ჩვენთან თანამშრომლობის მზაობა ჰქონდა, თუმცა დიდი მასშტაბიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, ტექნიკურად უარი გვეთქვა.

რაც შეეხება ადგილზე გაყიდვებს, კონკურენცია გამძაფრებულია.  ზოგადად, თუ წარმოებას ყურადღება არ მიექცევა, მე, როგორც ერთ-ერთი მეწარმე, ვამბობ, რომ დასაქმების პრობლემა ვერ გადაწყდება. რაც უფრო მეტი საწარმო იმუშავებს, მით უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა ზვიად გრძელიძემ.

მისი თქმით, კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო 2014 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაფართოვდა. ამასთან, ზვიად გრძელიძე განმარტავს, რომ „ბაია ფუდის“ პროდუქციის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია. მისი განცხადებით, მათ პროდუქციას გამოარჩევს ის, რომ ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება.

„ქიმიურ დანამატებს, ემულგატორებს, სტაბილიზატორებს, საღებავებს ჩვენს პროდუქციასთან აბსოლუტურად შეხება არ აქვს. ეს ეხება როგორც სხვადასხვა ხილის ჩირით დამზადებულ ფაფებს, ასევე ტკბილეულს და ორცხობილებს, რომლის წარმოებაც დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყეთ“, - განაცხადა ზვიად გრძელიძემ.

მისი თქმით, ამჟამად კომპანიაში 18 ადამიანია დასაქმებული. ის აღნიშნავს რომ ზოგადად, ასევე არის მუშახელის დეფიციტიც.

„მოამზადებ კადრს და მერე გადინება ხდება. მოძიება, გადამზადება და შემდეგ შენარჩუნება რთული პროცესია. ამის გამო საწარმო მეტად ვერ იზრდება. ზუსტად ამაზე ვწუხვარ, რომ წარმოებას მიდგომა სხვანაირად სჭირდება“, - განაცხადა ზვიად გრძელიძემ.

შეგახსენებთ, ზესტაფონში მდებარე საწარმოს შექმნა და აღჭურვა "ბაია ფუდს"  საერთო ჯამში დაახლოებით 200 000 ლარი დაუჯდა, 2022 წელს კომპანიამ GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.

წყარო: bp.ge