დეველოპერული და სამშენებლო კომპანია "არქის" დირექტორის, შიო ხეცურიანის შეფასებით, m²-ის გაყიდვით უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია არ შეიცვლება.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" შიო ხეცურიანი აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად ვითარდება, ამიტომ სექტორით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან.
"m²-ის გაყიდვით ბაზარზე სიტუაცია არ შეიცვლება - კომპანია გაიყიდა, თუმცა საქმიანობას აგრძელებს. ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად ვითარდება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სექტორით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. დაინტერესებული პირები უძრავ ქონებაში ინვესტირებით შესაბამისი უკუგებისა და მოგების მიღებას ცდილობენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა იზრდება და ინვესტიციის უკუგება ინვესტორების მოლოდინებს შეესაბამება სექტორის მიმართ ინტერესი ლოგიკურია", - აცხადებს "არქის" დირექტორი.
ცნობისთვის, Georgia Capital-მა (GCAP) მის პორტფელში არსებული, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერი შვილობილი კომპანია m2 გაყიდა. გარიგების შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო ჯგუფი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.