ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე შპს „ამარ ინტერნეშენელ დეველოფმენტის“ 29 და 24 სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს „ამარ ინტერნეშენელ დეველოფმენტის“ მეწილეები ლიბანელი კაბბანი იმადი (20%), კატარის მოქალაქე ა.რაჰმან ს ი ობაიდან ფახროო (37%) და იორდანელი ანვარ მ.ნ შ. ალქავასმი (43%) არიან.

რაც შეეხება პროექტს, 18 888 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება ორი კოშკი, რომელთაგან ყველაზე მაღალში იგეგმება სასტუმროს და სპა ცენტრის მშენებლობა, ხოლო მეორე კოშკში აპარტამენტები მოეწყობა.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის, კერძოდ კი სავაჭრო, საოფისე, საცხოვრებელი, გამაჯანსაღებელი და სასტუმროს ფუნქციების მქონე სივრცეების ორგანიზება. აგრეთვე გათვალისწინებულია სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.

კომპლექსი წარმოადგენს ორ მრავალსართულიან შენობას, აქედან სასტუმრო და სპა განთავსებულია 29 სართულიან კოშკში, ხოლო აპარტამენტები 24 სართულიანში. ორივე ბლოკის ნულოვან სართულზე განთავსებულია კომერციული სივრცე, ხოლო +1 სართულებზე საოფისე ფართები. შენობის ვიზუალური მხარე მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ გარემოს“, - წერია პროექტის განმარტებით ბარათში.