რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ნოემბერში უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები განაახლოს. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მთავარი საკითხი რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს და არა მხოლოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.

„ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ, მათი საბოლოო ფორმით და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შედეგად, რომელიც მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს მოიცავს. ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ, ეს კონტაქტები განვაახლოთ“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე და კვლავ გაიმეორა მოსკოვის ტერიტორიული პრეტენზიები.

„პირველ რიგში, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ასეთია: ტერიტორიები, რომლებიც უკრაინამ დაკარგა, მათი არ არის. ეს ისტორიულად რუსული მიწებია“, — თქვა მან. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ამ ტერიტორიების მცხოვრებლებმა რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირეს რეფერენდუმებზე, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ ჩატარდა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოების საკითხებსაც უნდა მოიცავდეს და თქვა, რომ ამ მოსაზრებას თავადაც ეთანხმება. ამასთან, მან კვლავ განაცხადა, რომ რუსეთს ომის დაწყება არ სურდა, თუმცა მოსკოვი ხანმოკლე ზავის ნაცვლად კონფლიქტის დასრულებაზე ორიენტირებულ შეთანხმებას ეძებს.