სადგურ კავთისხევში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა კომპანია „ევროცემენტის“ ობიექტი დატოვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Qartli.ge ავრცელებს.

მუშების თქმით, შეექმნილი პირობები მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა- კომპანიამ საამქროში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაქირავებულ თანამშრომლებს სახურავზე ასასვლელი დახრილი რკინის კიბე მოუხსნა და მის ნაცვლად კედელზე ვერტიკალურად დამაგრებული კიბე მოაწყო. მუშების განცხადებით, ახალი კონსტრუქცია უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც მათ კომპანიისგან შესაბამისი და უსაფრთხო კიბის მოწყობა მოითხოვეს.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მუშებმა სამუშაოების გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და ობიექტი დატოვეს.

ამის შემდეგ „ევროცენტემმა“ მათ სასამართლოში უჩივლა. კომპანია ამტკიცებდა, რომ სამუშაოების შეწყვეტის შედეგად დაზიანდა უკვე შესრულებული ნაწილიც და ითხოვდა როგორც გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე დამატებით ანაზღაურებას პირგასამტეხლოს სახით.

საქმის განხილვისას გორის საქალაქო სასამართლომ და შემდგომმა ინსტანციებმა დაადგინეს, რომ მუშების გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ დასაქმებულებს ჰქონდათ უფლება უარი ეთქვათ ისეთი სამუშაოს გაგრძელებაზე, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.