მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა. მარცვლეულის სექტორში მოქმედი წყაროების ცნობით, შეზღუდვა უკრაინის მიერ აზოვის ზღვაში რუსულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა, - ამის შესახებ Reuters წერს.
ევროპულ ბირჟა Euronext-ზე ხორბლის ფასი პარასკევს 4%-ით გაიზარდა და ბოლო ექვსი კვირის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ რუსეთის საექსპორტო მარშრუტების შესაძლო შეფერხებამ შესაძლოა გლობალურ მიწოდებაზე გავლენა მოახდინოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ხორბლის ექსპორტიორის, გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი აზოვის ზღვის გავლით ხორციელდება. მათი ინფორმაციით, ქვეყნის ხორბლის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი სწორედ ამ მარშრუტზე მოდის.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა გადამზიდავ კომპანიებს აცნობა, რომ პარასკევს, ადგილობრივი დროით 18:10 საათიდან, ქერჩის სრუტის გავლასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები აღარ დაკმაყოფილდებოდა. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, როდის დასრულდებოდა შეზღუდვა.
აზოვის ზღვის მიმდებარედ მდებარეობს რუსეთის მარცვლეულის წარმოების ორი უმსხვილესი რეგიონი — როსტოვისა და კრასნოდარის მხარეები. გარდა ამისა, ქერჩის სრუტე შავი ზღვის აუზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია.
ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა ასევე უკავშირდება უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ თავდასხმებს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, რამაც რუსეთში საწვავის მიწოდების პრობლემები გამოიწვია.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ბაზრის ანალიტიკოსები წლებია მიუთითებენ, რომ შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე ომი გლობალური მარცვლეულის ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. როგორც უკრაინა, ისე რუსეთი ხორბლის ექსპორტისთვის სწორედ ამ საზღვაო მარშრუტებს იყენებენ.