ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო,- ახალი შეზღუდვა 2026 წლის 30 სექტემბრიდან ამოქმედდა.
როგორც საქართველოში ირანის საელჩო აცხადებს, გადაწყვეტილება ირანის მრეწველობის, სამთო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა სეიედ მოჰამად ათაბაქმა გააჟღერა. მისი თქმით, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ქვეყანაში ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელებისთვისაც.
ირანული მედიის ცნობით, ახალი პოლიტიკის მიზანი კაპიტალის გადინების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარებაა. ხელისუფლება ამიერიდან უფრო ხელმისაწვდომი ავტომობილების იმპორტზე გაამახვილებს ყურადღებას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მეორადი ავტომობილების იმპორტის პროგრამაზე. მისი განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე საბაჟოების გავლით 1 000-ზე ნაკლები მეორადი ავტომობილია შემოტანილი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მათი ბაზარზე დამატება ავტომობილების ფასებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.
როგორია ირანის ბაზრის მნიშვნელობა საქართველოს ავტოექსპორტისთვის
ირანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსთვის, რადგან 2026 წელს ირანის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ირანში ექსპორტმა $162 მლნ შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი $19 მლნ იყო. შესაბამისად, ექსპორტი 747%-ით გაიზარდა.
ზრდის მთავარი წყარო მსუბუქი ავტომობილები გახდა. გასული წლის პირველ რვა თვეში ირანში საქართველოდან მხოლოდ 10 ავტომობილი გავიდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 7 360-მდე გაიზარდა.
იანვარ-აგვისტოში ირანზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 80% მსუბუქი ავტომობილების წილად მოდიოდა. ავტომობილების ექსპორტის საერთო ზრდის ფონზე, ირანის მიმართულებამ 2026 წლის პირველ რვა თვეში $129 მლნ-მდე მიაღწია და საქართველოს ავტოექსპორტის მიმართულებებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი $300 ათასსაც არ აღემატებოდა.
ამასთან, 2026 წელს საქართველოს ავტოექსპორტის მთავარ ბაზრებზე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. იანვარ-აგვისტოში ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტი 38%-ით, $884 მლნ-დან $551 მლნ-მდე შემცირდა, ყაზახეთში კი კლება 60% იყო — $494 მლნ-დან $297 მლნ-მდე.
მხოლოდ ამ ორ ბაზარზე შემცირებამ საქართველოს ავტოექსპორტს $529 მლნ დააკლო. ტაჯიკეთსა და უზბეკეთში დაფიქსირებულმა ზრდამ აღნიშნული კლება სრულად ვერ დააბალანსა. შედეგად, 2026 წლის რვა თვეში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი ჯამურად 22%-ით, $1.728 მლრდ-დან $1.348 მლრდ-მდე შემცირდა.