ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მთავრობის მიერ „ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ შექმნას დადებითად აფასებს. ბიზნესმენის განმარტებით, ნებისმიერი ალტერნატიული წყარო, რომელიც ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს და კაპიტალს გააიაფებს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია.

ლაშა პაპაშვილის თქმით, კორპორაციის მუშაობის დეტალური სქემა მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თავად იდეა ბიზნესისთვის მიმზიდველია.

„არ ვიცი ზუსტად დეტალები, მაგრამ თუ რაიმე ალტერნატიული წყარო იქნება იმისა, რომ გაუიაფდეს ბიზნესმენს ფული - კარგია“, - აღნიშნავს პაპაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მთავარ გამოწვევად ფინანსური რესურსების სიმწირე და მათი მაღალი ღირებულება რჩება.

„კაპიტალი აკლია ჩვენ ქვეყანას, ზოგადად, და ჯერ კიდევ „ემერჯინგ მარკეტი“ ვართ. ანუ გამოწვევები დიდია და კაპიტალის, იაფი კაპიტალის მოზიდვა ჭირს. ყველაზე ძვირფასი რაც არის ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ანუ ეს კაპიტალი ძვირიანია.

ამ კაპიტალის მოზიდვაში თუ დაგვეხმარება ეს, კარგი იქნება. სახელმწიფო ჩადებს თუ სხვანაირად მოიზიდავს ეს ორგანიზაცია, არ ვიცი“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გეგმის მიხედვით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ორიენტირებული იქნება სტრატეგიული მნიშვნელობისა და მსხვილმასშტაბიანი პროექტების მხარდაჭერაზე, რაც კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს. ბიზნესსექტორი ამ ეტაპზე პროექტის დეტალური პრეზენტაციისა და მუშაობის კონკრეტული წესების გამოქვეყნებას ელოდება.

წყარო: bm.ge