რაც არ უნდა ღვინის უნიკალური ისტორია გვქონდეს, რამე გეგმა და სტრატეგია თუ არ გაქვს, ასე უბრალოდ უნიკალური ისტორია გვაქვს და წესით ხალხს უნდა მოეწონოს - ეს არ მუშაობს, ესე არ ხდება. იაპონიაში მარკეტინგული კომუნიკაცია გაცილებით სტრატეგიულად უნდა იყოს გამართული. ეს არის ყველაზე რთული, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე შეფასებით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არც თუ ისე მაღალია.
"საქართველოდან ღვინის ექსპორტის კუთხით მზარდი ტენდენციაა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უნიკალური ღვინის ქვეყანა ვართ, უნიკალური ისტორია. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვინის სამშობლო ვართ. იაპონიას ძალიან დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აქვს გურმე კულინარიის მიმართულებით. სწორედ ამის მაგალითია ის, რომ ტოკიოში მსოფლიოში ყველაზე მეტი "მიშელინის" სტატუსის მქონე ობიექტი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ყოველწლიურად იაპონიაში ღონისძიებებსა და გამოფენებში და საქართველოს ღვინის ცნობადობა მაღალია, ცნობადობა არ ნიშნავს ხელმისაწვდომობას. იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არც თუ ისე მაღალია. ძალიან დიდი კონკურენციაა. იაპონიაში წარმოდგენილია ფრანგული, ესპანური, იტალიური, სამხრეთ აფრიკული და სხვ. ქვეყნების პროდუქცია. ესენი დიდი ქვეყნები არიან, რომლებიც ძალიან დიდ მარკეტინგულ თანხებს ხარჯავენ.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შედარებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ისტორია, რაც გვაქვს ბევრად ღირებულია. სწორი მარკეტინგული კამპანიაა დასაგეგმი იაპონურ მოთამაშეებთან ერთად და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია", - აცხადებს საქართველოს ელჩი იაპონიაში.
მანვე აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ საქართველო-იაპონიას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს ამისთვის საქართველოს პოპულარიზაციის გაზრდაა საჭირო.
"ყველაზე დიდი საჭიროება ახლა ჩვენთვის არის ის, რომ იაპონიაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაინახოს საქართველოს და ქართული ბაზრის პოტენციალი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისეთი ცნობადი არ არის იმ კუთხით, რომ ბევრი იაპონური კომპანია ქართულ ბაზარზე არ არის წარმოდგენილი პროცესი წინ მიდის და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კარგი პერსპექტივები გაგვაჩნია. შესაბამისად, როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე კერძო სექტორმა, იაპონურმა კომპანიებმა ერთობლივად უნდა იმუშაოს და ვფიქრობ, კარგი შედეგები გვექნება და საქართველოსთვის იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორი გახდება", - აღნიშნავს თეიმურაზ ლეჟავა.
იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.