გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის 4 ნოემბრის ბრძანებით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა.
ნიშანდების სისტემა ღვინის კომპანიებისთვის სავალდებულო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან გახდება. აღნიშნული ვალდებულება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა.
დამტკიცებული წესის თანახმად, ნიშანდებას დაექვემდებარება სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელი. რეგულაცია განსაზღვრავს ნიშნის გაცემის, მიღების, შენახვის, პროდუქტზე დატანის, აქტივაციის, დეაქტივაციისა და დაბრუნების პროცედურებს, ასევე ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და კონტროლის პირობებს.
წესის მიზანია სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, ასევე მომხმარებლისთვის პროდუქტისა და მისი სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ნიშანდება პროდუქტის სარეალიზაციოდ განთავსებამდე უნდა განხორციელდეს. თითოეულ სამომხმარებლო ტარაზე ერთი ნიშანი დაიტანება, ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის შემთხვევაში — სარეალიზაციო სტაციონარულ ჭურჭელზე ან/და ცისტერნაზე.
ნიშნის განმეორებით გამოყენება, სხვა პროდუქტზე გადატანა, გასხვისება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელი იქნება. ნიშნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ღვინის ეროვნული სააგენტო მიიღებს.
ნიშნები ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება, თუმცა მათი ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტების განლაგების პრინციპი ერთნაირი იქნება. ნიშანი მატერიალური ფორმით დამზადდება და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მინაზე, მუყაოზე, მეტალსა და სამომხმარებლო ტარისა თუ შეფუთვისთვის განკუთვნილ სხვა შესაბამის მასალაზე.
ნიშანი უნდა შეიცავდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეულ სიმბოლოს, QR კოდს, უნიკალურ იდენტიფიკატორს (UID), სულ მცირე ერთ ხილულ, ერთ ფარულ და ერთ სასამართლო-საექსპერტიზო ავთენტიფიკაციის ელემენტს, აგრეთვე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ტექნიკურ აღმნიშვნელებს.
ამასთან, ნიშანი დაცული უნდა იყოს კოპირების, დუბლირებისა და არასანქცირებული გამოყენებისგან. მისი მოცილების ან სხვა პროდუქტზე გადატანის მცდელობამ ნიშნის ან მისი დამცავი ელემენტის შეუქცევადი დაზიანება უნდა გამოიწვიოს.
QR კოდის სკანირების შედეგად მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელებისა და კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატის ნომრის, გაცემის თარიღისა და სტატუსის, ლოტის ნომრისა და თავად ნიშნის სტატუსის შესახებ. ნიშნის მისაღებად ღვინის კომპანიამ განაცხადი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტორიზებული მომხმარებლის ანგარიშიდან უნდა წარადგინოს. სააგენტო განაცხადის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს და განმცხადებელს ელექტრონულად აცნობებს. უარის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ ღვინის კომპანია ვალდებული იქნება გადაიხადოს ნიშანდების საფასური. საფასურის გადახდის შემდეგ ნიშანი ან ნიშნები კომპანიას არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გადაეცემა.
რეგულაცია კომპანიებს ნიშანდებასთან დაკავშირებულ რიგ ვალდებულებებსაც აკისრებს. კერძოდ, მათ ნიშნის გამოყენება მხოლოდ იმ პროდუქტსა და რაოდენობაზე შეეძლებათ, რომლისთვისაც იგი გაიცა. კომპანიებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ნიშნების დაცული შენახვა, პროდუქტზე სწორად დატანა და დროული აქტივაცია, აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და სააგენტოს მიაწოდონ სრული და სწორი ინფორმაცია.
გარდა ამისა, ღვინის კომპანიები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს შესაბამისი წესით აცნობონ ნიშნის დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების, უნებართვო გამოყენების ან მონაცემთა შეუსაბამობის შესახებ. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ნიშნებთან დაკავშირებული ოპერაციები მხოლოდ უფლებამოსილმა პირებმა განახორციელონ და ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემები ფაქტობრივ მარაგს შეესაბამებოდეს.
ნიშნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია ნიშნის ბოლო სტატუსის ცვლილებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.
ამასთან, წესის თანახმად, ნიშნის ფლობა თავისთავად არ ადასტურებს პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ნიშანდების მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ნიშანი დადგენილი წესით არის დატანილი, აქტიურია და შესაბამისი პროდუქციის სერტიფიკატთან არის დაკავშირებული.