სააფთიაქო ქსელების GPC Pharmacy-ისა და Pharmadepot-ის მმართველი კომპანია „გეფა“, „კომერსანტის“ ინფორმაციით, „იმპექსისა“ და „ფარმსახლის“ შესყიდვას გეგმავს.
ამ დროისთვის “გეფა” საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა, მისი საბაზრო წილი დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
„იმპექსისა“ და „ფარმსახლის“ შეძენის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ კომპანიის ჯამური საბაზრო წილი დაახლოებით 40%-ს მიუახლოვდება, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი კონცენტრაციის ზრდის რისკებს აჩენს.
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტურ პოზიციას სამი კომპანია იკავებს: სს „გეფა“ („GPC Pharmacy“, „Pharmadepot“), „პსპ“ და „ავერსი ფარმა“. მათი ჯამური საბაზრო წილი 80%-ზე მეტია.
რაც შეეხება „იმპექსს“, ის ბაზარზე რიგით მეოთხე მოთამაშედ მიიჩნევა.
გარიგების წარმოებისთვის ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მხარეებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უნდა მიმართონ.
“კომერსანტი” დეტალების გადასამოწმებლად GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქედელიძეს ესაუბრა. მისი თქმით, მხარეებს კონცენტრაციაზე განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
,,"გეფას“, „იმპექსსა“ და „ფარმსახლს“ კონკურენციის სააგენტოსთვის ამ ეტაპზე კონცენტრაციის მოთხოვნით არ მოუმართავთ.
როდესაც სააგენტოში განაცხადი შემოდის და მის ტექნიკურ მხარეებზე მსჯელობა იწყება, ეს ყველაფერი საჯაროდ ქვეყნდება და ნებისმიერ პირს შეუძლია პოზიციის წარმოდგენა.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ GCCA-ის გვერდის ავლით წილის შესყიდვა ან გაერთიანება ვერ მოხდება, ეს კანონით აკრძალულია და შესაბამისი სანქციები მოჰყვება. თუმცა, სანამ ჩვენ მოგვმართავენ კომპნაიები გარკვეულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან თანხმდებიან.
განაცხადი როდესაც შემოდის ჩვენთან, ჩვენ საბაზრო წილებს წინა ფინანსური წლის შესაბამისად ვუყურებთ. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს 20225 წლის საბაზრო წილების დათვლა“,- აღნიშნა გიორგი ქედელიძემ.
ქედელიძის განმარტებით, როდესაც კონცენტრაცია ბაზარზე დომინანტურ პოზიციას ქმნის ან აძლიერებს, ეს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისებს ითვალისწინებს.
,,კანონმდებლობის მიხედვით, კონცენტრაციების კონტროლის მიზანი არის ის, რომ პრევენცია მოახდინოს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის წარმოშობის ან თუ უკვე არის ამგვარი კომპანია ბაზარზე, არ მოხდეს მისი ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცება კონკურენტების საბაზრო წილების შეძენის ხარჯზე. როდესაც დომინანტური მდგომარეობა გვაქვს, ეს უკვე არის საფუძველი იმისა, რომ კონკურენციის სააგენტომ ამგვარ კონცენტრაციაზე უარი თქვას და არ დაუშვას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, როცა ამგვარ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მიდის უარისკენ, არსებობს გარკვეული წინაპირობებიც.
სააგენტოს კანონმდებლობით აქვს ვალდებულება, რომ აცნობოს მხარეებს აღნიშნულის შესახებ, ამის შემდეგ კი უკვე მათ შეუძლიათ კონკურენციის სააგენტოს წარმოუდგინონ სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები, ანუ კონკრეტული რა ვალდებულებების აღება შეუძლიათ და თუ GCCA ჩათვლის, რომ ამგვარი ვალდებულებების აღება გაანეიტრალებს ბაზარზე მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებს შეიძლება თანხმობა გაიცეს”,- აღნიშნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ.