საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „M-სერვისის“ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სსიპ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევას.
კერძოდ, შპს „M-სერვისი“ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებსა და სატენდერო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სადავოდ ხდიდა. მომჩივნის შეფასებით, ტენდერის პირობები, მათ შორის, პროდუქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, შესყიდვის ობიექტის კლასიფიკაცია და სავარაუდო ღირებულება, პოტენციურ მიმწოდებელთა წრეს ზღუდავდა და კონკურენციაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
სააგენტომ საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლისას დაადგინა, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლითა და მხარეებს შორის დავა უკვე მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, საქმის მოკვლევის დაწყების დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 საჩივრის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა, 10 საჩივარი დაუშვებლად ცნო, ხოლო 4 საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო 1 საქმესთან დაკავშირებით აღებულ იქნა პირობითი ვალდებულება. ამასთან, 2 საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაშვებობის შემოწმების საქმისწარმოება.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს