,,გასულ წელთან შედარებით, 2025 წელს საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა"- ამის შესახებ hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, როგორც წესი, ოქტომბერი ახალი ვაკანსიების გამოსაცხადებლად აქტიური პერიოდია, თუმცა წელს კლება ამ მიმართულებითაც საგრძნობია. 

,,ზაფხულის პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის 9%-იანი კლება გვქონდა, რაც განპირობებული იყო უფრო აგვისტოს თვით, ივნისი და ივლისი კი სტანდარტული გახალდათ. წელს განცხადებების ჯამური რაოდენობა ზაფხულში 13 541 იყო, ხოლო 2024 წელს - 14 897. მოლოდინი იმის, რომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან მდგომარეობა გამოსწორდებოდა, არ გამართლდა, აქტიურობა კომპანიების მხრიდან მხოლოდ 15 სექტემბრიდან დაიწყო.

ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შვებულებების პერიოდმა უფრო გადაიწია, სწავლაც 15 რიცხვიდან დაიწყო. შესაბამისად, მეორე წელია, ტენდენცია იქით მიდის, რომ აგვისტოს ბოლომდე არ არის აქტიურობა, რაც რატომღაც წელს უფრო მეტად იგრძნობოდა. წლევანდელ სექტემბერშიც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების დაახლოებით 7%-იანი კლება გვქონდა.

ოქტომბერი საკმაოდ აქტიურია ხოლმე, თუმცა, წლევანდელ ოქტომბერზე ამას ვერ ვიტყვი. ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ ამ ეტაპისთვის შეიძლება თქმა, რომ წინა წელთან შედარებით დაახლოებით 8%-იანი კლება ფიქსირდება",- აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.