ევროპაში ღვინის რეალიზაცია შემცირდა - საექსპორტო წილი 70%-დან 45%-მდე დაკორექტირდა, - ამის შესახებ ბიოღვინოს მწარმოებელი კომპანიის “ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელმა გიორგი ღვარძელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ყველაზე მეტად მზარდ საექსპორტო ბაზრად ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება, სადაც კომპანია გაფართოებას გეგმავს.
"ჯამში 8 ქვეყანაში ვიყავით და 3 ქვეყანა ჩავხსენით. გაუქმდა ინგლისი, ჰოლანდია და იტალია. რეალიზაციის ტენდენცია 2025 წელს დაიწყო. ევროპაში ალკოჰოლურ სასმელებს უკვე ნაკლებად სვამენ, უკვე ეკონომიკურადაც ისეთი ხელგაშლილები აღარ არიან როგორც წინა წლებში და ა.შ. ბევრი ფაქტორია, რამაც აღნიშნული ტენდენცია გამოიწვია.
მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-ს ბაზარი სარეალიზაციოდ ყველაზე მზარდ ბაზრად ითვლება. შესაბამისად, ჩვენც ორიენტირებულები ვართ, რომ აშშ-ს ბაზარზე გავფართოვდეთ.
ამჟამად, ექპორტზე ჩვენი პროდუქციის 45% იყიდება, დანარჩენი კი ადგილობრივად ჩვენს ღვინის მარანში. ტურისტული კუთხით ჩემს მარანში 2026 წლის დასაწყისში საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები იყო, თუმცა მარტის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა და დღეში შესაძლოა 3-4 ჯავშანი იყოს. ძირითადად არიან ესპანეთიდან", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ "ღვარძელაშვილების მარანი" ჩინეთში ექსპორტისთვისაც ემზადება, ღვინის ნიმუშები წაღებულია და მეღვინეობა პასუხს ელოდება.
ცნობისთვის, "ღვარძელაშვილის მარნის" ვენახი თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული. კომპანია ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს, ხოლო ექსპორტზე 2018 წლიდან გადის.