ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი საჯარო-კერძო თანამშრომლობის" სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანა, რომელიც დღეისთვის მთავრობის დაქვემდებარებაშია. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
თუმცა მთავრობამ დღეს, პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტო არსებული სახით უქმდება. PPP სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებიდან ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ გადადის და სახელი და ფორმატი ეცვლება - მას სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტო უნდა ეწოდოს. კანონში ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო უკვე განიხილავს.
პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მოსმენას მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა, თუმცა განხილვისას არ თქმულა რომ ამ სააგენტოს უფროსი თავად ხიდურელი იქნებოდა.
ეს დეპარტამენტი დაფუძნდება სსიპ "აწარმოე საქართველოში"-დან ექსპორტის და ინვესტიციების კომპონენტის გამოტანით და მთავრობის ადმინისტრაციიდან სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროში გადატანით. გადატანის შემდეგ სააგენტოს სახელი შეეცვლება და მასში გადაინაცვლებს "აწარმოე საქართველოში"-ს გუნდი, რომელიც ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტში საქმიანობდა.
მიხეილ ხიდურელის განმარტებით, თავად სააგენტოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად ტრანსფორმაციის პროცესში გადაწყდა, რომ ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება ცალკე სააგენტოს სახით ჩამოყალიბდეს და ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებაროს.
"ჩათვალეთ, რომ ის გუნდი, რომელიც ამ წარმატებაზე იყო პასუხისმგებელი, სრულად რჩება და მეტსაც გეტყვით, როდესაც უკვე სააგენტოს ექნება ცალკე ფუნქცია, ანუ აღარ იქნება "აწარმოესთან" ერთად, სადაც ბევრად დიდი ბიუჯეტური თემები ტრიალებდა, მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე.
თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის და მინისტრის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილია ძალიან ბევრად უფრო დიდი მასშტაბით ამ საკითხებზე [ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის მხარდაჭერა] მუშაობა. შესაბამისად ჩვენ როგორც კი ეს კანონი შეიცვლება, დაიწყება რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება გაძლიერება, ზოგიერთ დეპარტამენტის შემთხვევაში რაოდენობრივი, ზოგიერთ დეპარტამენტში ხარისხობრივი,"- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნების კანონპროექტს, პარლამენტში მისი ინიციირება ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც მიხეილ ხიდურელი ამბობს, ცვლილების მიღების შემდეგ მათ ექნებათ პრეზენტაცია, სადაც 3-4 წლის გეგმას წარადგენენ და საზოგადოებას მათ ამოცანებს გააცნობენ.
"ჩვენ უკვე საზოგადოებასთან ერთად წარვადგენთ ახალ პრეზენტაციას, რა არის შემდეგი 3-4 წლის გეგმა და ავიღებთ ახალ, ასე ვთქვათ მაჩვენებლებს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ახალ რეკორდებსაც მივაღწიოთ", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, უწყებაში რეფორმირების შემდეგ სსიპ "აწარმოე საქართველოში"-დან 19 თანამშრომელი გადავა, ხოლო სავარაუდო ბიუჯეტად 16.7 მილიონი ლარი არის განსაზღვრული.