ესპანეთის მრეწველობისა და ტურიზმის მინისტრი, ჟორდი ერეუ, მოგზაურებს ურჩევს, ავიაბილეთები რაც შეიძლება მალე შეიძინონ, რათა თავიდან აიცილონ ფასების მოსალოდნელი ზრდა. აღნიშნული გაფრთხილება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ნავთობზე ფასების მატებას, რაც პირდაპირ აისახება საავიაციო საწვავის ღირებულებაზე. მინისტრის განმარტებით, ავიაკომპანიები ამჟამად ჯერ კიდევ ადრე შესყიდულ საწვავს იყენებენ, თუმცა ბაზარზე არსებული მერყეობა ფასების ზრდის რისკს უკვე ქმნის.

გასულ 2025 წელს ესპანეთმა რეკორდული რაოდენობის – 97 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც 3,5%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ქვეყნის ხელისუფლება მიმდინარე წელსაც მსგავსი ტემპების შენარჩუნებას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს ევროზონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საავიაციო საწვავის უფრო დიდი მარაგი და წარმოების მაღალი სიმძლავრეები გააჩნია, მინისტრი აღნიშნავს, რომ პარტნიორ ქვეყნებში არსებული ენერგოკრიზისი უარყოფით გავლენას მაინც მოახდენს ტურისტულ მოთხოვნაზე.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეფერხებამ და ფასების თითქმის 50%-იანმა ზრდამ, რაც 28 თებერვალს ირანზე განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს მოჰყვა, ავიაციის სექტორში გაურკვევლობა წარმოშვა. ესპანური და ევროპული სტრუქტურები ამჟამად მუშაობენ საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ტურისტებს მაინც სიფრთხილისკენ და მგზავრობის დროული დაგეგმვისკენ მოუწოდებენ.

avianews.ge