ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც შპს „გრანდ მოლისთვის“ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით, შესაბამისი პირობებით გადაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული ტერიტორია ამჟამად ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი პირდაპირი გასხვისებისთვის ნაკვეთი თავდაპირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რის შემდეგაც ის კომპანიას გადაეცემა.

საუბარია მიწის მონაკვეთზე, რომელიც უკვე წლებია „გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრის კონტურშია მოქცეული და სადაც შენობის ნაწილი მდებარეობს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებად 2026 წლის მაისში დარეგისტრირდა, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 281 127 ლარით განსაზღვრა.

პროექტის თანახმად, მიწის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ „გრანდ მოლმა“ ბათუმის ბიუჯეტში 281 127 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, კომპანიას საკუთარი ტერიტორიიდან უნდა გამოყოს 120 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე განთავსებული 72 კვადრატული მეტრის სატრანსფორმატორო შენობა, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში გადავა. პირობებში ასევე გათვალისწინებულია ბათუმის ტერიტორიაზე შვიდი სატრანსფორმატორო პუნქტის რეაბილიტაცია, რაც ენერგოკომპანიასთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.

ბათუმის მერიის განმარტებით, საკითხის განხილვის საფუძველი გახდა „გრანდ მოლის“ მიერ 2026 წლის მაისსა და ივლისში გაგზავნილი მიმართვები, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილი.

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ „გრანდ მოლმა“ სატრანსფორმატორო პუნქტისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადაცემა სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამავე ჩანაწერმა გააჩინა ვარაუდი, რომ სავაჭრო ცენტრი, მიუხედავად მრავალწლიანი ფუნქციონირებისა, ოფიციალურად ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიღებული არ არის.

არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულზეა განთავსებული – ერთია 57 კვადრატული მეტრის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, ხოლო მეორე 12 971 კვადრატული მეტრის ფართობი, რომელიც „გრანდ მოლს“ ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ნაკვეთების გაერთიანების შემდეგ საჭირო გახდება ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემაც.

„გრანდ მოლში“ აცხადებენ, რომ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის საკითხის მოსაწესრიგებლად ინიციატივა თავად კომპანიას ეკუთვნის. მათი განმარტებით, მიზანია მიწის საერთო საკადასტრო ერთეულში მოქცევა და დოკუმენტაციის საბოლოოდ მოწესრიგება. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ექსპლუატაციაში მიღების პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია, რის შემდეგაც საკითხი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ გაიმართა. ენერგოკომპანიაში კი აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურები, რომლებიც მიწის ადგილმონაცვლეობისა და ახალი სატრანსფორმატორო პუნქტის კომპანიისთვის გადაცემას მოიცავს.