მეღვინეობა "ითაბანის" დამფუძნებლის, რატი კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, აზიური ბაზარი ქართული ღვინისთვის მზარდი და საინტერესო მიმართულებაა.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” მეღვინე აღნიშნავს, განსაკუთრებით ჩინეთი და იაპონია მაღალმხარჯველუნარიან საექსპორტო ბაზრებს მიეკუთვნება, სადაც ქართული ღვინის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქტის ხარისხი უნდა გახდეს.
"აზიურ ბაზარს, როდესაც ქართულ ღვინოს შევთავაზებთ ხარისხი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შემდეგ უკვე ჩვენი ისტორია და მარკეტინგული ჩართულობა მოდის. ღვინის სამშობლო ვართ და აღნიშნული სეგმენტი ამ ყველაფერს აფასებს, აინტერესებს, ამიტომ მთავარი მარკეტინგული გზავნილები სწორედ ამ ხაზს უნდა მიჰყვებოდეს. მოგეხსენებათ, ზოგადად, უცხოურ ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ჩინეთში და იაპონიაში ქართული ღვინის გატანა დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. მეტოქეობას ვგულისხმობ, ჩვენზე ბევრად უფრო ცნობად ქვეყნებთან შევდივართ კონკურენციაში, რომლებსაც ღვინის სფეროში თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ. მიზნობრივი დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია და შესაბამის პროდუქტსაც მოითხოვს", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.
რატი კოჭლამაზაშვილი უშუალოდ საკუთარი მარნის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წელიწადში დაახლოებით, 4 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
"ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ვამზადებთ, სულ 3 ტიპის გვაქვს: რქაწითელი, ქისი და საფერავი. ზოგჯერ, ყურძენს დამატებით ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. ჯერჯერობით, ღვინოს მხოლოდ ადგილზე ვყიდით, თუმცა წელს ვენახი მსხმოიარობაში შევიდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოვჩნდებით. რაც შეეხება ვიზიტორებს, 80%-ი უცხოელები გვსტუმრობენ, დანარჩენი 20%-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოელი ვიზიტორები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან არიან, მოკლედ, ევროპის ქვეყნები აქტიურობს. ქვევრის, ბიო ღვინო უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით მოსწონთ. ეს სექტორი მაღალმხარჯვეულუნარიანია, ჩვენთან ღვინის ფასის დიაპაზონი კი, 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. ამასთან, მარანში ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ტურისტების შემცირება კომპლექსური საკითხია და ზუსტად რა ასპექტმა გამოიწვია თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება ჩვენს ღვინოს - ცნობადობა გაიზარდა, რასაც აქტიურ მარკეტინგულ ჩართულობას ვუკავშირებ", - აღნიშნავს მეღვინე.
ცნობისთვის, ღვინის მარანი "ითაბანი" ახმეტის რაიონი სოფელი ქვემო ალვანში მდებარეობს. ვენახის ფართობი 1 ჰექტარს მოიცავს და 3 ტიპის ღვინოს რქაწითელს, ქისსა და საფერავს აწარმოებს.