მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, გარწმუნებთ, მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კითხვაზე, რომელიც თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და, სწორედ, ეს არის ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი.

 

„მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულებს რაც შეეხება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკის ზრდის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.  მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება, მათ შორის, ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით,  წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, გასულ 4 წელს თუ ავიღებთ და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია და შემიძლია დაგპირდეთ, რომ აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა ამ კუთხით,“- განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს