„სატრანზიტო ხაზი რომ გუდაურზე გადის, ეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემაა“, - ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და კურორტზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც რესპონდენტი განმარტავს, გუდაურში სატრანზიტო მოძრაობა დისკომფორტს უქმნის მოგზაურებს; მისი თქმით, გარდა დისკომფორტისა გზებზე ტრაილერების კოლონა გადაადგილების კუთხით საფრთხეს წარმოადგენს.
„სატრანზიტო ხაზი რომ გუდაურზე გადის, ეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემაა. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის სტუმრებს გადაადგილების კუთხით, მაგისტრალსა და უღელტეხილებზე შესაძლოა, ტრაილერების მთელი კოლონა შეგხვდეთ, რაც ძალიან სახიფათოა მოგზაურებისთვის.
გარდა ამისა, ტრაილერების გადაადგილება იწვევს ხმაურს და გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურებას. ის სასტუმროები, რომლებიც გზის პირას არის, როგორი დამცავიც არ უნდა გააკეთო, მაინც ძალიან ხმაურიანია“, - აღნიშნავს ჰოტელიერი.
ამასთანავე, მაია მურაჩაშვილის თქმით, გუდაურში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა და არასრულად გაყვანილი კანალიზაცია.
„კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს - არასრულად გაყვანილი კანალიზაცია. ესეც გვინდა რომ გამოსწორდეს. განსაკუთრებით კანალიზაციის პრობლემა მოსაგვარებელია ქვედა გუდაურში. გარდა ამისა, გუდაურში პრობლემურია დენის ხშირი ჩაქრობაც“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.