ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შედეგად, ავტოდილერების მინიმუმ 50% იძულებული იქნება ბაზარი დატოვოს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რეგულაციას გავლენა ექნება რეექსპორტზეც, რის გამოც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დიდ ნაწილს ბაზრის დატოვება მოუწევს.

„ბიზნესისთვის ეს იქნება პირდაპირი შოკი და ჩვეულებრივი კატასტროფა. გასაგებია, რომ რეექსპორტზე გაყვანა ამ წლოვანების [6 წელზე მეტი] ავტომობილების შეგვიძლია, მაგალითად, 2018-2019 წლიანების. თუმცა ამ შემთხვევაში რა მოხდება, ავტოიმპორტიორები როგორ იმოქმედებენ და როგორ მოიქცევიან? ავტოიმპორტიორებს ერთადერთი დაზღვევა, რომ რეექსპორტზე ვერ გაეშვა ავტომობილი და ვერ გაეყიდა საზღვარგარეთ, იყო ის, რომ საქართველოში განაბაჟებდა და ადგილობრივ ბაზარზე მიჰყიდდა გაცილებით დაბალ ფასად საქართველოს მოქალაქეს. ეს ავტომობილი დარჩებოდა საქართველოში. ახლა კი ეს შეუძლებელი იქნება, რაც რეექსპორტზეც ნეგატიურად აისახება.

ვფიქრობ, ავტოიმპორტიორების მინიმუმ 50% დატოვებს ბაზარს. ეს ნიშნავს დაუსაქმებელ ადამიანებს და დაკარგულ სამსახურებს. არა მხოლოდ ავტოიმპორტიორები, არამედ ავტოსერვისში დასაქმებულები, ვისაც ნაწილები შემოაქვს... სად მიდიან ეს ადამიანები? რატომ ვტოვებთ უმუშევრად, ვერ ვხვდები. რით უნდა არჩინონ ოჯახები?”, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ შეზღუდვას ავტოპარკის განახლებაზე დადებითი შედეგი ვერ ექნება, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს შედარებით ნაკლები ასაკის ავტომობილის ყიდვის საშუალება არ აქვს. მათი ინფორმაციით, 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების მინიმალური ფასი 15-20 ათასი დოლარიდან იწყება.

"6 წლამდე ასაკის ავტომობილის ფასი 15,000 დოლარიდან და ზემოთ იწყება. მოსახლეობას და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ იმის საშუალება, რომ 20,000 დოლარი გადაიხადოს ავტომობილში და მერე ამით ოჯახი არჩინოს? არარეალურია. აკრძალვას აკრძალვაზე ვამატებთ და შედეგს ვერ ვიღებთ.

ეს ავტომობილები დარჩება საქართველოში, უფრო მეტად დაძველდება და გაუარესდება ეკოლოგია. ვერ ვხვდები ლოგიკას, რისთვის კეთდება ეს? რა შედეგი უნდა მივიღოთ”, - აღნიშნა ლაშა დარბაისელმა.

bm.ge