ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ჩვენ მიერ შესრულებული საქმის, ან მიწოდებული იდეების გამო შეხვედრაზე კოლეგა იღებს დადებით შეფასებას, ჩვენ კი განზე ვრჩებით, თითქოს ამ საქმეში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის. ამ დროს ზოგი ან ჩუმდება ან აჟიოტაჟს ტეხს და ეს ორივე რეაქცია – არასწორია!
მაშ როგორ მოვიქცეთ, რომ არც დრამა დავდგათ და არც უარი ვთქვათ კარგი იდეების გამო დაფასებაზე? გამოცდილი კრეატორები თავიანთ რჩევებს გვიზიარებენ.
პირადი საუბარი
ჯერ პირდაპირ მიმართეთ ადამიანს, სანამ სხვა მეთოდებს მიმართავთ ან საკითხს გაასაჯაროებთ. უთხარით, რომ როცა იდეების პირველწყარო ნამდვილად თქვენ იყავით, მოგცეთ საშუალება, თავად გააჟღეროთ ისინი.
ეს მიდგომა სამ მიზანს ემსახურება: 1) ის აძლევს ადამიანს შანსს, გამოასწოროს თავისი ქცევა საჯარო უხერხულობის გარეშე; 2) ადასტურებს, რომ თქვენ იცით, რა ხდება; 3) ქმნის მკაფიო საზღვარს, რაც მომავალში „ქურდობის” პრევენციას ახდენს.
საუბრის შემოტრიალება
სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოში მომუშავე დიზაინერები თუ ქოფირაითერები კიდევ ერთ გამოცდილებას გვიზიარებენ. როცა შუა შეხვედრაზე შეგიძლია ჩაერთო პრეზენტაციაში და კოლეგას უთხრა: მადლობა, რომ ახსენე ეს იდეა…როდესაც მასზე ფიქრი დავიწყე, ჩემი ინსპირაცია იყო…და ასე გააგრძელოთ საუბარი.
ეს ტექნიკა „ელეგანტურია”, რადგან ის პირდაპირი დაპირისპირების გარეშე გაბრუნებთ თამაშში.
როდის უნდა მოხდეს სიტუაციის ესკალაცია
ზოგჯერ პირადი საუბარი საკმარისი არ არის. თუ ქცევა გაგრძელდება მას შემდეგაც, რაც პირდაპირ განიხილეთ იგი, დროა ჩართოთ მენეჯმენტი.
სანამ ამას გააკეთებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ დოკუმენტაცია: ელფოსტა, პროექტის ფაილები, შეხვედრების ჩანაწერები, ყველაფერი, რაც განსაზღვრავს თქვენი იდეების ვადებს და საკუთრებას. წარმოადგინეთ სიტუაცია ფაქტობრივად და არა ემოციურად. ფოკუსირდით თქვენს სამუშაოზე გავლენასა და კლიენტებთან ურთიერთობის დამყარების თქვენს უნარზე და არა პირად წყენაზე.
უფრო ფართო სურათი
იდეების ქურდობა მხოლოდ კოლეგებს შორის არ ხდება. ის შეიძლება უფრო ფართო მასშტაბებზეც გავრცელდეს. კრეატიული დირექტორი იბრაჰიმ ტარაფდარი ერთ დროს Starbucks-ში ბარისტად მუშაობდა და ჰყვება, რომ მათ მისი გაზიარებული ისტორია მოიპარეს და სახალხო რეკლამად აქციეს.
ყოველივე ამის გამო, იდეის თავიდანვე დოკუმენტირება მუდამ სასარგებლო გადაწყვეტილებაა. დიზაინერმა და ილუსტრატორმა ლიზ ჰარიმ ეს მწარე გამოცდილებით ისწავლა, როდესაც პარტნიორობა დაიწყო ადამიანთან, რომელმაც არა მხოლოდ არ ახსენა მათი კომპანიის სახელი ჟურნალთან ინტერვიუში, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერა ნამუშევარი.
ეს და კიდევ მრავალი გამოცდილება ცხადყოფს, რომ უნდა შექმნათ დოკუმენტების არქივი. შეხვედრების შემდეგ გააგზავნეთ შემაჯამებელი ელფოსტები. აუცილებლად უნდა გქონდეთ პორტფოლიო, რომელიც ნათლად აჩვენებს თქვენს ინდივიდუალურ მუშაობას და აზროვნების პროცესს.
გრძელვადიანი ხედვა
იდეების ქურდობა არღვევს პროფესიულ ნდობასა და შემოქმედებით მთლიანობას. ბუნებრივია გაბრაზება, წყენა, იმედგაცრუება, თუმცა ამას სწორი რეაგირება სჭირდება. წარმატებული შემოქმედებითი პროფესიონალები არა მხოლოდ ბრწყინვალე ნამუშევრებს ქმნიან, არამედ იცავენ იმას, რასაც აკეთებენ. იდეების ქურდობაზე საუბარი დრამას არ იწვევს. ეს იცავს თქვენს კარიერას, თქვენს რეპუტაციას და თქვენი შემოქმედებითი აზროვნების ღირებულებას.