2050 წლამდე ნავთობსა და გაზზე მსოფლიო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა და გადაუხვია მსოფლიოს სუფთა საწვავზე გადაწყობის აქამდე არსებულ პროგნოზებსა და მოლოდინებს, რომელთა თანახმადაც, ქვეყნებს კლიმატის ცვლილების სამიზნე მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ.
საქმე ისაა, რომ ენერგოუსაფრთხოების დასავლური მარეგულირებელი, IEA, ფოკუსის სუფთა ენერგიაზე გადართვის გამო, აშშ-ის მხრიდან მზარდი წნეხის ქვეშ ექცევა იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკულ კომპანიებს ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდისკენ მოუწოდებს. ამასთან, აშშ სააგენტოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, სააგენტოს პროგნოზის თანახმად, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მიმდინარე ათწლეულში მიაღწევდა პიკს და ამ მიმართულებით ინვესტიცია საჭირო აღარ იყო.
ტრამპის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მდივანმა კი ენერგეტიკის სააგენტოს პროგნოზს “უაზრობა” უწოდა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში “მსოფლიო ენერგეტიკის პერსპექტივა“, IEA-მ იწინასწარმეტყველა, რომ მიმდინარე სცენარის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა საუკუნის შუა პერიოდისთვის დღეში 113 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 2024 წლის მოხმარებასთან შედარებით დაახლოებით 13%-ით მეტია.
ამავე პროგნოზითვე, ენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2035 წლისთვის 90 ეგზაჯოულით გაიზრდება - რაც ამჟამინდელ დონესთან შედარებით 15%-ით მეტია.
არსებული სცენარის თანახმად, თხევადი გაზის გლობალური ბაზარი 2024 წლის დაახლოებით 560 მილიარდი კუბური მილიდან, 2035 წელს 880 მილიარდ კუბურ მილამდე, 2050 წელს კი - 1020 მილიარდ კუბურ მილამდე გაიზრდება, რაც განპირობებულია ენერგეტიკის სექტორში მოთხოვნის ზრდით, რასაც, თავის მხრივ, მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის სექტორის ზრდა განაპირობებს.