ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 65-ე შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია ცნობაში, რომელიც შეხვედრის შემდე რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმება ქართული ოცნების მიერ გაჟღერებული "შერიგების რიტორიკის განხორციელება" იქნება.
"მონაწილეებმა დაამტკიცეს უცვლელი ერთგულება МДЗ-ის (საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ კავკასიაზე) ფორმატის მუშაობის გაგრძელებისადმი. დღესათვის, დისკუსიები რჩება ერთადერთ მრავალმხრივ მოლაპარაკებების მოედნად, რომელიც უზრუნველყოფს სოხუმისა და ცხინვალის მუდმივ პირდაპირ დიალოგს თბილისთან მათ შორის პოსტკონფლიქტური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა МДЗ-ის პრიორიტეტული მიზნების კონკრეტული ნაბიჯების სასწრაფოდ შემუშავების აუცილებლობას - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოსა და ამ ორ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების მიღების გზით. კერძოდ, მისი გაფორმება გახდებოდა თბილისში გაჟღერებული აფხაზ და სამხრეთ ოსეთის ხალხთან შერიგების რიტორიკის პრაქტიკულ განხორციელებად." - წერია განცხადებაში.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს საქართველოს "ათვისების" მცდელობაში ადანაშაულებს.
"მსგავსი ნაბიჯის აქტუალურობა იზრდება იმ ფონზე, როცა გარედან ისმის საქართველოსადმი მოწოდებები, სამხედრო ძალის გამოყენებით დაიბრუნონ "გამოყოფილი რეგიონები", ასევე NATO-ს მხრიდან ამ ქვეყნის "ათვისების" დაუფარავი გეგმების, მათ შორის, მის ტერიტორიაზე ალიანსის სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ფონზე." - წერია რუსული უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა საქართველოს მიერ გაეროში ყოველწლიურად წარდგენილი რეზოლუციით და მას მოლაპარაკებების პროცესის მთავარ წინაღობას უწოდებენ.
"ჰუმანიტარული მიმართულებით მოლაპარაკებების პროცესის მთავარ წინაღობად რჩება საქართველოს მიერ გაეროს გენერალური ასამბლეისადმი ყოველწლიურად წარდგენილი უკიდურესად პოლიტიზირებული, გეოპოლიტიკური რეალობების უგულებელმყოფი რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ. აღნიშნული პრობლემის განხილვა არსებული შეთანხმებებისა და МДЗ-ის გარდა სხვა ფორმატების დარღვევით, სოხუმისა და ცხინვალის მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელს ხდის მის განხილვას МДЗ-ის ფორმატში." - წერია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ნეიტრალური სტატუსის დაკარგვაში და მოლაპარაკებების ლოკაციის ცვლილებას ითხოვს.
"ანტირუსულ სანქციებზე შეერთებით შვეიცარიის მიერ დეკლარირებული ნეიტრალური სტატუსის დაკარვის გათვალისწინებით, მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის მხადაჭერით, მიიჩნევს, რომ აუცილებელია МДЗ-ის სხდომების ჟენევიდან სხვა, ნამდვილად ნეიტრალურ და ყველა მონაწილისათვის მისაღებ ადგილზე გადატანა." - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მომდევნო წლის მარტში გაიმართება.