სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ე.წ. ტრამპის მარშრუტს რამდენიმე რკინიგზა, ელექტროგადამცემი ხაზი და მილსადენი ექნება, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ბუნებრივი აირის მილსადენს, ნავთობსადენს, კაბელებს და სხვა სატრანსპორტო კავშირებს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე „მშვიდობის გზაჯვარედინი: რეგიონული კომუნიკაციების განვითარება“ გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნება ერთობლივი სომხურ-ამერიკული კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოში სომხეთს გადამწყვეტი ხმა ექნება.

„პროექტის შექმნის პირველი ფაზა ვაშინგტონის დეკლარაციაა, სადაც ზოგადი ჩარჩოა გამოკვეთილი. შემდეგ, სომხეთი და აშშ ერთობლივ იურიდიულ პირს დააფუძნებენ, რომელიც იქნება TRIPP კომპანია; სახელწოდების საბოლოო შემუშავება მიმდინარეობს. ეს იქნება სომხეთისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად დაარსებული კომპანია, იქნება დირექტორთა საბჭო, რომელიც მართავს კომპანიას. დირექტორთა საბჭოში შევლენ სომხეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სომხეთს ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

1tv.ge