მოცვის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "აგრითაჩის" დამფუძნებლის პროგნოზით, წელს საერთაშორისო ბაზარზე მოცვის საშუალო ფასი 1 კგ-ზე 4-5 დოლარი იქნება.
ეკატერინე ვეფხვაძე BM.GE-სთან მოლოდინებზე საუბრისას განმარტავს, რომ სეზონის დასაწყისში ფასი ტრადიციულად მაღალია, თუმცა შემდგომ ეტაპზე იკლებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოცვი დამწიფებას ძირითადად ივნისიდან იწყებს და სეზონი ზაფხულის ბოლომდე გრძელდება.
„სეზონი რომ იწყება, ფასი მაღალია, შემდეგ ქვემოთ იწევს. ძირითადად ამას რუსეთის ბაზარი ადგენს. წელს ვვარაუდობთ, რომ საშუალო ფასი 4-5 დოლარამდე იქნება“, - ამბობს ვეფხვაძე.
ეკატერინე ვეფხვაძის თქმით, 2025 წელს მოცვის ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ბოლო წლებში გაშენებული ახალი ბაღები აქტიურ მსხმოიარობაში შევიდა და მოსავლის რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თუმცა, როგორც ის განმარტავს, ქართული მოცვის ექსპორტი კვლავაც დიდწილად ერთ ბაზარზეა დამოკიდებული - ამ ეტაპზე, მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 85% რუსეთის მიმართულებით ხორციელდება. ვეფხვაძის შეფასებით, ასეთი მაღალი კონცენტრაციის მიზეზი ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაც სხვა ბაზრებზე სრულფასოვან და მასშტაბურ გაფართოებას ამ ეტაპზე ართულებს.
„ევროპის ბაზრისთვის გვჭირდება შესაბამისი სერტიფიცირება, განსხვავებული შეფუთვა, ასევე პრობლემაა სამაცივრე მეურნეობების არარსებობა. მაგალითად, გალფის ბაზარზე ექსპორტი გვაქვს, თუმცა გადაზიდვის პრობლემა რჩება, რადგან მგზავრთა გადამყვან თვითმფრინავებს ვიყენებთ“, - განმარტავს ის.
მიუხედავად მაღალი დამოკიდებულებისა რუსეთის ბაზარზე, სექტორში პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია. ეკატერინე ვეფხვაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით, ახალ ბაზრებად კი ინდოეთი და ისრაელი გამოიკვეთა.
„ინდოეთსა და ისრაელს შიდა შეზღუდვა ჰქონდათ და საქართველო პროტოკოლში არ იყო. ეს უკვე შეიცვალა. ამ ორი ქვეყნიდან ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესი მოდის“, - აცხადებს ის, თუმცა დასძენს, რომ ინდოეთის მიმართულებითაც გამოწვევად ლოგისტიკა რჩება.
„ინდოეთშიც თვითმფრინავით უნდა წავიღოთ პროდუქტი, რაც რაოდენობრივ შეზღუდვას ნიშნავს. ამ ბაზრებზე უკონკურენტოდ არ ვართ - მთელი მსოფლიოს მწარმოებლებთან ვკონკურირებთ. მთავარი არის, რომ ფასი მათთვის მისაღები იყოს“, - ამბობს ვეფხვაძე.
მისი შეფასებით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მოცვის ექსპორტი ეტაპობრივად დივერსიფიცირდება და ყოველწლიურად, ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
2025 წლის იანვარი-დეკემბერში ქართული მოცვის ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და $46.4 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის $28.2 მილიონთან შედარებით 64.5%-იანი ზრდაა. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 6 913 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის 4 988 ტონასთან შედარებით 38.5%-ით მეტი იყო.
სავაჭრო მიმართულებით, პოპულარულ ბაზრებს შორის ლიდერია რუსეთი, რომელმაც 6 490 ტონა ქართული მოცვი შეიძინა და მასში $43.4 მილიონი გადაიხადა. სხვა მნიშვნელოვანი ბაზრებია: სომხეთი – 123 ტონა ($847 ათასი), არაბთა გაერთიანებული საამიროები – 66 ტონა ($559 ათასი), პოლონეთი – 86 ტონა ($556 ათასი) და გერმანია – 68 ტონა ($541 ათასი).