Glencore-ის გენერალური დირექტორი გარი ნეიგლი იმედოვნებს, რომ ქვანახშირის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა Rio Tinto-ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას შეუწყობს ხელს მსოფლიოში უდიდესი სამთო მოპოვებითი კომპანიის შექმნის ახალი მცდელობისთვის, იტყობინება Reuters–ი სამ ინვესტორზე დაყრდნობით.
წლის დასაწყისში, კომპანიები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ 240 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიის შექმნაზე, რომელიც გააერთიანებდა Glencore-ის მარკეტინგულ ბიზნესსა და სპილენძის აქტივებს Rio Tinto-ს ოპერაციულ ექსპერტიზასთან, რათა დაკმაყოფილებულიყო სპილენძზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა. თუმცა, მოლაპარაკებები ჩაიშალა.
Bloomberg–ის ცნობით, შერწყმის ერთადერთი დაბრკოლება Glencore-ის შეფასება იყო, რადგან სათანადო შემოწმების შედეგად პრობლემები არ გამოვლინდა. Glencore-მა მოითხოვა, რომ მის აქციონერებს გაერთიანებული კომპანიის აქციების 40% მიეღოთ. Rio Tinto–მ ეს შეფასება მიუღებლად მიიჩნია.