აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნის ცალმხრივი გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ის გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა გადამწყვეტია იმისთვის, რომ მან მიიღოს სერიოზული მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.

„სანქციების შემსუბუქება ზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის“, - წერს კოშტა.

ცნობისთვის, აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს და რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.

წყარო: ინტერპრესნიუსი