ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ - სააკაშვილი მისი კადრების გამოქვეყნებას აფასებს

ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ - სააკაშვილი მისი კადრების გამოქვეყნებას აფასებს

access_time2021-11-07 10:25:36

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით >განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კადრების გამოქვეყნებით, ხელისუფლებამ მას ნამდვილად ვერაფერი დააკლო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად შიმშილობს. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ შაბათ დილიდან უკვე არ იღებს აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა ჰქონდა მიცემული კონსილიუმისთვის.

რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? - ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად.

სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ.

კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით - ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს.

კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.

ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.


და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი - მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!”, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, 6 ნოემბერს, ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. გასაჯაროვდა პროდუქტების ამსახველი ფოტომასალაც, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. მოგვიანებით სახალხო დამცველის აპარატმა განმარტა, რომ ექსპრეზიდენტი მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა, თუმცა მხოლოდ მედპერსონალის რეკომენდაციითა და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, თუმცა მის შიმშილს სიმულაციას უწოდებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.  ექსპრეზიდენტის შიმშილობის არც პრემიერ-მინისტრს სჯერა. მისი თქმით, სააკაშვილი თავისი ამომრჩევლების ემოციებსა და გრძნობებზე მანიპულირებს. პრემიერის მტკიცებით, პატიმარ სააკაშვილის შიმშილობა და მკურნალობაზე უარის თქმა არის ტყუილი. 

სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმითყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება,  გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება  აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით  არ გადაიხედება.


სააკაშვილს საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება.  კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად  ავრცელებს.  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე უარი მისი დაკავებისთანავე თქვა. ზურაბიშვილის პოზიცია ამ საკითხზე ამ დრომდე უცვლელია.  პრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს მიჩვენული განსაკუთრებულ პატიმრად, რაც პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღბას მოითხოვს.

ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up