ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება , არის გულის გაჩერების რისკი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ C კატეგორიის მულტიფუნქციურ კლინიკას და მასში არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.
„ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს არის გულის გაჩერების რისკი, შესაბამისად, ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე, კერძოდ ინტერვენციული კარდიოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ციხის საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან, ეს არ იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაკეთდეს. სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურების საჭიროებებისა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი სააკაშვილის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას ითხოვს სამოქალაქო საავადმყოფოში.