ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს? - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობას შეეხება.
ღარიბაშვილი დაჟინებით ამბობს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება.
„ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, ეს მინდა ვუთხრა ყველას. რამდენიმე ათასი პარტიმარი ზის ციხეებში და მათაც სჭირდებათ მზრუნველობა. პატიმარი სააკაშვილი არაფრით არ არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და მომავლის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს - როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვას, რამდენად განიხილება "ოცნებაში" სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მას დღეს საპატიმროში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სტუმრობდა. მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში ექსტრადაცია სურს. ზელენსკის მიერ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის სურვილი გასულ კვირას მისი ადმინისტრაციის წევრმა გააჟღერა. მოგვიანებით კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.