უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დიპლომატთან შეხვედრის შემდგომ გაავრცელა.
“2 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. დიპლომატმა გააცნო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილი არის მსჯავრდებული. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულმა ის მოინახულოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - ნათქვია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც, გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
ცნობისთვის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში გადაყვანა სურს. ჯერ უცნობია, რას უპასუხებს ამას ქართული მხარე, თუმცა სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.
"ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ არის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ვამბობდით, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში, ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამაზე წუხილები მათი მხრიდანაც იყო გამოთქმული,“- განაცხადა დღეს დილით კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა.