განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მსჯავრებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
როგორც კობახიძე განმარტავს, რაღაც კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
“მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, ამ სტანდარტის ფარგლებში სათანადო მოპყრობა იქნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული მოქალაქეების წინაშე. რაღაც კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“,-აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მას დღეს საპატიმროში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სტუმრობდა. მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში ექსტრადაცია სურს. ზელენსკის მიერ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის სურვილი გასულ კვირას მისი ადმინისტრაციის წევრმა გააჟღერა. მოგვიანებით კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.