ეგვიპტე, დუბაი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ქართველები ახალ წელს ხვდებიან. როგორც „კომერსანტს“ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ძირითადად საახალწლო დღეებში ჩვენი მოქალაქეები ოჯახებთან ერთად თბილ ქვეყნებსა და ევროპაში ატარებენ.
რაც შეეხება, მოგზაურობის საფასო პოლიტიკას, როგორც ტურისტული კომპანიები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კონკრეტულ მიმართულებას ენიჭება.
ტურისტულ კომპანიებს 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 20-40%-ით გაეზარდათ.
როგორც ტურისტულ კომპანია „ჯორჯიან თრეველ გრუპში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, ახალი წლის დღეებში ქართველი ტურისტები ძირითად მიმართულებად ეგვიპტეს, დუბაისა და თურქეთს, კერძოდ, სტამბოლს ირჩევენ.
„ამ პერიოდში ეგვიპტეში მოგზაურობა საშუალოდ 700 დოლარი ჯდება, დუბაიში მინიმუმ 2 500 ლარი, ხოლო სტამბოლში ოთხ დღიანი ტური 1 400 ლარი ჯდება. მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებზეც, თუმცა ახალ წელს თბილ ქვეყნებში მოგზაურობა ქართველებისთვის უფრო კომფორტულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადად ოჯახები მოგზაურობენ“, - განაცხადა კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თამთა მსხილაძემ.
„ინტერკოს“ პროდუქტების განვითარების მენეჯერი ნატალია დვალი აღნიშნავს, რომ „როგორც ყოველთვის ქართველებს ახალი წლის პერიოდში თბილი ქვეყნების მიმართულება აინტერესებთ. მაგალითად - ეგვიპტე, შრილანკა და გოა. ეგვიპტეში ერთკვირიანი პაკეტი 1 400-1 500 ლარი ჯდება.
რაც შეეხება ევროპის მიმართულებას, მოთხოვნადია ბერლინი, ვენა და ბუდაპეშტი. ევროპის მიმართულებით ტური 1 000-1 800 ლარის ფარგლებში მერყეობს.
შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოეთში დამსვენებელთა რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად ევროპის მიმართულებით დაახლოებით 30%-იანი ზრდა, ხოლო ეგვიპტის მიმართულებით 25-30%-იანი ზრდა აქვს კომპანიას“, - განმარტა დვალმა.
„ლავ თრეველის“ ტურმენეჯერი სოფო ხითარიშვილი აცხადებს, რომ საახალწლოდ ქართველებს განსაკუთრებით ეგვიპტე, გერმანია, იტალია და საფრანგეთი აინტერესებთ.
„ძირითადად საახალწლო პერიოდში მოთხოვნადი ეგვიპტე და დუბაია. ეგვიპტეში ერთკვირიანი ტური 350-დან 600 დოლარამდე მერყეობს, ხოლო დუბაის მიმართულებით 500-დან 1 000 დოლარამდე. ევროპაში ძირითადი მოთხოვნა მილანში, პარიზსა და გერმანიის ქალაქებზე. ევროპაში დასვენება საშუალოდ 400 ევრო ჯდება.
შარშანდელთან შედარებით წელს დამსვენებელთა რაოდენობა საკმაოდ არის გაზრდილი. ტურისტული პაკეტების გაყიდვების მხრივ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-30%იანი ზრდა გვაქვს“, - აღნიშნა ხითარიშვილმა.
„ევროპის მიმართულებით ყველაზე აქტიური იტალია და საფრანგეთია, ორივე ქვეყანაში ახალ წელს მოგზაურობის ფასი 350-დან 400 ევრომდეა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 40%-იანი ზრდა გვაქვს. ძირითადად კი ოჯახები მოგზაურობენ“, - განუცხადეს „კომერსანტს“ კომპანია „აემ ჯორჯიაში.“
ავტორი: ლიკა გურაბანიძე