ICC: 13 მიზეზი, რის გამოც საპენსიო რეფორმა ყველასთვის საზიანოა

access_time2017-12-07 15:40:59

მთავრობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა. თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) შეფასებით, რეფორმა მაღალ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებთან არის დაკავშირებული და ის მაღალი ალბათობით არცერთი საზოგადოებრივი ჯგუფის სასიკეთოდ არ იმოქმედებს.


რეფორმის სქემა:


საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:


დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.

დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.


სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.


მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.


13 ძირითადი მიზეზი, რის გამოც სავაჭრო პალატის შეფასებით, საპენსიო რეფორმა საზიანოა:


წარმოდგენილი რეფორმის შედეგად არ არსებობს არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც ისარგებლებს და კმაყოფილი დარჩება საპენსიო რეფორმით და მისი შედეგებით. ამასთან, ძალიან მაღალია ეკონომიკური, ფინანსური, და პოლიტიკური რისკები, რომლის დადგომის შემთხვევაში, შედეგი გამოუსწორებელი იქნება.


1) დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის 70%-თვის, 30 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. ღირსეულ პენსიას


საქართველოში, 2016 წლის მდგომარეობით, ეკონომიკურად აქტიური გახლდათ 1,998,300 ადამიანი (მთლიანი სამუშაო ძალა). აქედან მხოლოდ 37.3% წარმოადგენს დაქირავებით დასაქმებულს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არის თვითდასაქმებული (დაახლოებით 50.9%) ან უმუშევარი (დაახლოებით 11.8%).


ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მისი ანალიზის საფუძველზე, 2016 წლის მდგომარეობით, 745.4 ათასი დაქირავებით დასაქმებული ადამიანის პირობებში, დაახლოებით 520 ათასი დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება თვეში დარიცხულ 600 ლარს. დარიცხული 600 ლარის 6%-ის (2% + 2% + 2%) დაზოგვის შემთხვევაში, 30 წლის განმავლობაში, 4 საუკეთესო შემთხვევაში, მთლიანი „ჩანაცლების კოეფიციენტი“ (დაზოგილი პენსიის და სოციალური პენსიის ჯამი) იქნება 36.4%, რაც დღეს არსებული 30%-იან „ჩანაცვლების კოეფიციენტს“ მხოლოდ 6.4%-ით აღემატება. მსგავსი შედეგი ვერ ჩაითვლება მოსახლეობის “ღირსეული პენსიით” უზრუნველმყოფად.


2) საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნვლყოფს არსებული სოციალური პენსიის სისტემის ალტერნატივის შექმნას


საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე დაქირავებული მოსახლეობისთვის საპენსიო რეფორმა არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სარგებელს. ზემოთ ხსენებული დაშვებების გათვალისწინებით, საშუალოდ ყოველთვიური 600-ლარიანი ხელფასის პირობებში, რეფორმის საშუალებით მიღებული „ჩანაცვლების კოეფიციენტი“ პენსიაზე გასვლის დროს იქნება მხოლოდ 18.6% (ამჟამად „ჩანაცვლების კოეფიციენტი“ შეადგენს 30%-ს).


3) საპენსიო რეფორმა ადმინისტრაციულად ვერ უზრუნველყოფს თვითდასაქმებულების (მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 50.9%) და უმუშევრების (11.8%) დაფარვას, რაც მნიშვნელოვანი უკმაყოფილების საგანი გახდება


მიუხედავად იმისა, რომ „რეფორმა“ ითვალისწინებს სქემას თვითდასაქმებულებისთვის, იმის ალბათობა, რომ თვითდასაქმებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაერთვება სქემაში, არის მინიმალური. მთავარი მიზეზი არის თვითდასაქმებული მოსახლეობის საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობა, სქემაში ჩართვისთვის აუცილებელი მაღალი შენატანის ოდენობა (4%) და პროგრამის ადმინისტრების პირობები.


ამავდროულად, მთლიანად სქემის გარეთ რჩებიან უმუშევრები (მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 11.8%) და სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა.


4) ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (მთლიანი სამუშაო ძალის) მხოლოდ 10% ნახავს ჰიპოთეტურ სარგებელს სქემაში მონაწილეობით


მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაღალ შემოსავლიანი 10% ნახავს ჰიპოთეტურ სარგებელს 30 წლიანი დანაზოგის შემთხვევაში, ეს კატეგორიაც ვერ იქნება კმაყოფილი სქემაში მონაწილეობით, რადგან მას შეეძლებოდა ამ თანხის უფრო ეფექტიანად განკარგვა და შედეგად, მეტი შემოსავლის მიღება.


5) რეფორმა ხელს უწყობს საქართველოში სოციალური უთანასწორობის ზრდას


ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რეფორმის პოტენციურ ბენეფიციართა ჯგუფს წარმოადგენს მოსახლეობის მხოლოდ მცირე (საშუალოზე მაღალ შემოსავლიანი) ნაწილი. მოსახლეობის ყველა სხვა ჯგუფი რეფორმაში მონაწილეობით ვერ იღებს სარგებელს. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, იზრდება საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის უთანასწორობის ხარისხი.


6) ნაცვლად იმისა, რომ რეფორმის შედეგად, მოხდეს საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, რეფორმის შედეგად იზრდება მსგავსი ხარჯების ზრდის რისკი


ზემოთ მოყვანილი მიზეზით, იზრდება წნეხი მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ სოციალური პენსიის ზრდის მოთხოვნით. ეს გარემოება, თავის მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გამომწვევი მიზეზი ხდება და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რეფორმის ფისკალური მდგრადობის საკითხს.


7) საპენსიო რეფორმა გამოიწვევს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადებას და წაახალისებს ჩრდილოვან ეკონომიკას, რაც შესაძლოა, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მიზეზი გახდეს


როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის საპენსიო შენატანი ატარებს გადასახადის ხასიათს. დასაქმებულისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო შენატანი ამცირებს მის ყოველთვიურ შემოსავალს და დამსაქმებლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დამატებითი ხარჯი, რაც იწვევს მისი ყოველწლიური წმინდა მოგების შემცირებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენატანი წარმოადგენს „კვაზი-გადასახადს“. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები გადახდისგან თავის არიდების მიზნით, არაფორმალური დასაქმების მექანიზმების გამოყენებას შეეცდებიან.


8) რთულდება ბიზნესის კეთების (doing business) პროცესი


გარდა იმისა, რომ მეწარმეებს უწესდებათ ახალი ვალდებულება, არსებული სქემის კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, ბიზნესს (განსაკუთრებით მცირე ბიზნესს) ურთულდება ბიზნესის ადმინისტრირება.


9) მთავრობა შეეცდება გაზრდილი დანახარჯების დასაფინანსებლად ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენებას


მთავრობა მომავალში გაზრდილი დანახარჯების დასაფინანსებლად, ფონდში აკუმულირებული თანხების პირდაპირ ან/და ირიბ გამოყენებას შეეცდება. განსაკუთრებით ეს გამძაფრდება ზემოთ ხსენებული ფაქტორების დადგომის შემთხვევაში (მიზეზი #5, #6,). იგივეს გვეუბნება საერთაშორისო გამოცდილება (მაგ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება); კრიზისულ სიტუაციებში, სახელმწიფო, როგორც წესი, კრიზისის დაძლევას, დაგროვებით ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენებით ცდილობს.


10) საქართველოში ინვესტიციების მაღალ რისკიანობიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების საქართველოში დაბანდება არ არის მიზანშეწონილი


საყოველთაოდ ცნობილია, რომ საპენსიო ფონდებში აკუმულირებული თანხების ინვესტირება უნდა მოხდეს დაბალ რისკიან პორტფელში. საერთაშორისო საპენსიო ფონდების საინვესტიციო პოლიტიკის სტანდარტების გათვალსიწინებით, საქართველოს მსგავს ქვეყნებში მოქალაქეთა დანაზოგის განთავსება მისი მაღალ რისკიანობიდან გამომდინარე, აკრძალულია. შესაბამისად, წესით, საქართველოში (Fitch: BB-; Moody’s: Ba2 (Stable)) დანაზოგების დაბანდება საერთოდ აკრძალული უნდა იყოს.


ამავდროულად, საპენსიო რეფორმის ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, მაგ. საქართველოს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსებული სახსრები ხასიათდება როგორც ნაკლებად რისკიანი ინვესტიაცია და საპენსიო რეფორმის მიხედვით, პირველი 5 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ მსგავსი აქტივებით შედგენილ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში უნდა განხორციელდეს.


11) პოლიტიკური რისკები


სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს მოდელი არ არის პოლიტიკურად გამართლებული მოდელი. ყველა რეგიონული ან გლობალური ეკონომიკური ან ფინანსური კრიზისის შემთხვევაში, პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ ხვდება მსგავსი საპენსიო სქემა და იწვევს პოლიტიკურ მღელვარებას. მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში გამოიწვია არათუ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კრიზისი.


12) გაზრდილი და არარეალისტური მოლოდინების შექმნიდან გამომდინარე, რეფორმის წარუმატებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიმართ ნდობის შემცირება


წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე (ე.წ. დაკარგული ანაბრების, კოოპერატიული ბინათმშენებლობების, სხვა სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელი დაპირებების პირობებში), მოსახლეობაში სუსტია მთავრობის და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი. საპენსიო რეფორმით გაზრდილი და არარეალისტური მოლოდინების შექმნით გამოწვეული შედეგები წარუმატებლობის შემთხვევაში კიდევ უფრო გაზრდის აღნიშნულ პრობლემას.


13) საპენსიო რეფორმის არსებული სქემით შემოღების შემთხვევაში, მისი გაუქმება ან ცვლილება თითქმის შეუძლებელი იქნება; იგი არ იძლევა მოქნილობის საშუალებას და ატარებს შეუქცევად ხასიათს


არ არის მკაფიო რა მოხდება რეფორმის წარუმატებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, რისკების შეფასების კუთხით, ეს იქნება არა მხოლოდ საფინანსო და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კრიზისის საფუძველი.



tabula.ge



Volkswagen-ი დიზელზე მომუშავე ავტომობილების წინააღმდეგ - „დიზელი არა მომავალი, არამედ ჩვენი წარსულია“

person access_time2017-12-12 20:00:43
Volkswagen-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გერმანიამ დიზელზე მომუშავე ავტომობილების სუბსიდირებაზე უარი უნდა თქვას და უფრო მეტიც, ქვეყნის მთავარი, დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების ცენტრებში დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აკრძალული უნდა იყოს. მატიას მიულერმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან გააკეთა. მან ხაზი გაუსვა კომპანიის ძირეულ ცვლილებას დიზელთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ: 2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია,...

40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ

person access_time2017-12-12 18:00:18
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება. გადასახადის გადახდის ვალდებულება, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. „2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ გადასახადის...

„თბილისში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება ვარკეთილიდან უნდა დაიწყოს“

person access_time2017-12-12 15:20:55
დედაქალაქში ხუთასზე მეტი ე.წ. ხრუშჩოვკაა, მათი უმეტესობა ავარიულია და ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს. 1950-იან წლებში დროებით აშენებული სახლების ჩანაცვლება ყველა ხელისუფლების წინასაარჩევნო დანაპირებში ხვდებოდა, მათ შორის, მოქმედი მერისაც. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ეს საკმაოდ რთული და ძნელი ამოცანაა, მერიისა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებშიც კი „ხრუშჩოვკების“ შეცვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. 2004 წლის მონაცემებით,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Lactalis-ის ბავშვთა კვების პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი უკვე დაიწყო

person access_time2017-12-12 13:20:36
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფრანგული კომპანია Lactalis-ის ბავშვთა კვების პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი უკვე დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოში განუცხადეს, „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის...

სესხს ეროვნული ბანკის გარეშე ვერც ლომბარდები გასცემენ

person access_time2017-12-12 12:15:32
საბანკოდან გამიჯნული ბიზნესის მარეგულირებელი ცვლილებების კენჭისაყრელად პარლამენტარები მზად არიან, თუმცა არავინ იცის ამის საშუალება როდის მიეცემათ. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის კენჭისყრა კონსულტაციების მიზეზით არის შეჩერებული, ჰოლდინგურ კომპანიებთან ბანკების ფინანსური არხების გარდა, არასაფინანსო სექტორის გაკონტროლებასაც ითვალისწინებს, სესხის გამცემი ყველა სუბიექტის, მათ შორის online კომპანიებისაც. გაკონტრილდება ლომბარდების საქმიანობაც. შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნით. შედეგად...


მსგავსი სიახლეები