მთავარი გვერდი

რატომ არის CoCa-Cola და Marriot ინოვაციური? – კომპანიები Forbes-ის რეიტინგს აფასებენ

person access_time2017-08-10 17:00:31

 

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა  მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიების 100–ული გამოაქვეყნა. კომპანიების ნაწილის მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოში იმპორტით შემოდის, თუმცა მათ შორის მოხვდა 2 ისეთი კომპანია, რომლებიც საქართველოს ბაზარზეც მუშაობენ, აქვთ წარმოება და ფლობენ სასტუმროების ქსელს – ესენი არიან CoCa-Cola და Marriot–ი.

 

Forbes-ის რეიტინგში მოხვდნენ Tesla, Amazon.com, Adobe Systems, Starbucks, Visa, Mastercard, Magnit და ა.შ. რეიტინგის შედგენისას Forbes-ი ითვალისწინებს რამდენიმე კრიტერიუმს, მათ შორის, ინოვაციების ფასს და ფინანსურ მაჩვენებლებს. ამასთან, რეიტინგში მოსახვედრად კომპანიები ბაზარზე მინიმუმ 7 წლის გამოჩენილები უნდა იყვნენ, გამოცემა სწორედ ბოლო 7 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს იყენებს კომპანიების შესაფასებლად. სიაში არ შედიან ბანკები, საფინანსო და ენერგეტიკული ორგანიზაციები. 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სიაში მოხვდნენ CoCa-Cola და Marriot–ი. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რატომ არიან ის კომპანიები ინოვაციურები და რამ განაპირობა მათი ამ რეიტინგში მოხვედრა.

 

„CoCa-Cola-ს შეფუთვა, მიდგომა, სარეკლამო კამპანიები – ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც „CoCa-Cola Forbes-ის ყველაზე ინოვაციური კომპანიების სიაში მოხვდა, – ამის შესახებ „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონია განუცხადა.

 

მისი თქმით, CoCa-Cola მსოფლიოს საუკეთესო და ინოვაციური კომპანიების სიაში სისტემატურად ფიგურირებს. ის არის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული ბრენდი მსოფლიოში.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი მსოფლიო ბაზარზე არის უკვე 125 წელიწადი. მე ვარ სხვადასხვა ქვეყანაში CoCa-Cola–ს ლაბორატორიებში ნამყოფი და იმ წარმოებებში, სადაც CoCa-Cola–ს კონცენტრატი მზადდება და გავეცანი ინგრედიანტების შერჩევის პროცესს. იმ მცდარ შეხედულებებს, რაც „კოკა–კოლაზე“ ვრცელდება, პასუხს იმიტომ არ ვცემთ, რომ ვიცით, რეალურად რას ვაწარმოებთ“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

ამასთან, ბიზნესმენი „კოკა–კოლას“ ინოვაციურობის მიზეზად სასმელის სხვადასხვა სახით შეფუთვას  ასახელებს: „ჩვენ სხვადასხვა შეფუთვით ვუშვებთ CoCa-Cola–ს, მათ შორის 0,25 ლიტრიანს, 0,5 ლიტრიანს და ა.შ. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ მომხმარებელზე, რადგან ყველას ერთნაირი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის კოკა–კოლა ინოვაციური, ის არის, რომ კომპანია ცდილობს წარმოებაში შაქრის შემცველობის მინიმუმამდე შემცირებას.

 

საერთოდ, ინოვაცია მხოლოდ წარმოებას არ ნიშნავს, ეს არის სარეკლამო კამპანიაც, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. სარეკლამო კამპანიები უამრავ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ასევე ინოვაციაა“, – განუცხადა „კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.

 

ვირტუალური ტურები სასტუმროს ნომრებში, მობილური check in და check out, გამართული მენეჯმენტი – ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რასაც Marriot–ის სასტუმროების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობაში კომპანიის ინოვაციურობის მიზეზად ასახელებენ. როგორც Marriot–ის ქსელის პიარ კოორდინატორი ქეთევან სამსონაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, გლობალურ დონეზე Marriot–ი ყოველთვის ინოვაციებზე არის ორიენტირებული, ეს იქნება ტექნოლოგიური თუ არა ტექნოლოგიური.

 

„თუ რამე სიახლე შემოდის,  Marriot–ი თავის ქსელში მას აუცილებლად ნერგავს. მაგალითად, წლების წინ, როდესაც ბაზარზე ტექნოლოგია Virtual Reality გამოჩნდა, Marriot–ი იყო პირველი სასტუმრო, რომელმაც ეს პროდუქტი თავის რამდენიმე სასტუმროში წარმოადგინა.

 

გარდა ამისა, Marriot–ის  საკადრო პოლიტიკაც განსხვავებულია, კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარი თანამშრომლები წაახალისოს. „Marriot–ი თანამშრომელს აყენებს პირველ ადგილზე, რადგან თანამშრომელი არის პირველ რიგში მისი წარმატების საშუალება. Marriot–ი ყოველთვის ამბობს – იზრუნე თანამშრომლებზე, თანამშრომლები კი იზრუნებენ შენზე. სწორედ ეს მიზეზებია, რის გამოც Marriot–ი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დასახელდა“, – განაცხადა ქეთევან სამსონაძემ.

 

 

კომერსანტი

 

share

მსგავსი სიახლეები