მთავარი გვერდი

სანქციების გვერდის ავლით, ENOC-მა საქართველოზე გასატარებელი ნავთობი ირანში გადატვირთა

person access_time2017-08-09 13:48:31

სანქციის მიუხედავად, ENOC თეირანს თურქმენული ნავთობით ამარაგებს. კომპანიებმა Dragon Oil-მა და ENOC-მა ირანში ნავთობის მორიგი პარტია ჩაიტანეს.

 

ეს ამ თვეში რუსული ВФ Танкер-20-ის მიერ განხორციელებული მეორე რეისია. მან თურქმენული ნავთობი პორტ ნეკაში ჩამოტვირთა.


ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ВФ Танкер-20 კომპანია Dragon Oil-ის ნავთობით დაიტვირთა, რის შემდეგაც ბაქოს პორტში დადგა. თუმცა, პორტში გარკვეული პერიოდი ლოდინი მოუწია, რადგან გემის ბორტზე არადეკლარირებული ნავთობი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მან გეზი ირანისგენ აიღო და ტვირთი ირანის ნავთობის ნაციონალური კომპანია NIOC-ის ტერმინალში ჩამოტვირთა.


7 აგვისტოს ВФ Танкер-20 თურქმენეთის პორტ ალაჯაში ნავთობის ახალი პარტიით დაიტვირთა და აზერბაიჯანის მიმართულებით დაიძრა. თუმცა, თურქმენეთის ტერიტორიული წყლებიდან გასვლის შემდეგ, გემმა გეზი სამხრეთისკენ აიღო და ირანის პორტ ნეკაში შევიდა.
როგორც ჩანს, გემის ეს მანევრი იმით არის გამოწვეული, რომ ნავთობზე სატვირთო და საბაჟო დოკუმენტებს Dragon Oil და ENOC აფორმებენ. დოკუმენტებში ნავთობის ჩამოტვირთვის ადგილად მითითებულია აზერბაიჯანი, ბაქო, საიდანაც ნავთობის შემდეგი ტრანზიტი ევროპაში ივარაუდება. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთის ხელისუფლებას თურქმენული ნავთობის ირანში ტრანზიტის ნებართვა არ გაუცია.


არ გამოირიცხება, რომ Dragon Oil მსგავს ნებართვას საერთოდ ვერ მიიღებს, რადგან თურქმენეთსა და ირანს შორის ურთიერთობები გაცივდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ირანში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის გამო გაუარესდა. ირანული მხარე აპირებს, თურქმენეთის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლოს.


გარდა ამისა, გემის ასეთი მანევრი შესაძლოა აიხსნას Dragon Oil-სა და ENOC-ის მცდელობით, დამალონ ირანში ნავთობის ტრანზიტი. ამით კი თავი აირიდონ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას.


შეგახსენებთ, რომ NIOC (ირანის ნაციონალური ნავთობის კომპანია) და NICO (NIOC-ის სავაჭრო სტრუქტურა) და მათი ქვედანაყოფები სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის სანციების სიაში არიან მოხვედრილი.


ამჟამად Dragon Oil და ENOC მესამე გემს ВФ Танкер-13-ს ტვირთავენ. აიღებს თუ არა გეზსს აღნიშნული გემი ირანის მიმართულებით და აირიდებს თუ არა ამერიკულ სანქციებსა და თურქმენეთის საბაჟო რეგულაციებს, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

სააგენტო „პირველი“

share

მსგავსი სიახლეები