ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი - ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა, „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ ყოველგვარი საზღვრები გადალახა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის უკანონო და არაკონსტიტუციური.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ყველა კანონი, მათ შორის, ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს - რეპრესიების დაწყებას, რათა "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს.

"ასეთი ე.წ. არაკეთილსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და შემდეგ მოჰყვებოდა ამას რეპრესიები და გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანები იდევნებოდნენ. ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა და ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, როდესაც მსგავს სისულელეს აცხადებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საზღვრები გადალახა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. ყველა კანონი, დაწყებული აგენტების "რუსული კანონით" და დამთავრებული სხვა კანონებით, მათ შორის, აი, ამ ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს "ქართული ოცნება". ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ეს განცხადება არის უკანონო, არაკონსტიტუციური და რაღაც ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა "კაგებეს" მეთოდი, რომელსაც დღეს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ იყენებს, გარდა ორი თუ სამი ავტორიტარული სახელმწიფოსი," - განაცხადა გოცირიძემ.

ipn.ge