გივი კორინთელი: ძალიან სამწუხაროა, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველოში ალტერნატიული ფულის ბაზარი არ გაჩნდა

2013-07-07 14:23:28




რეკომენდაციები „პირველი საკრედიტო კავშირის“ ხელმძღვანელ გივი კორინთელისგან 

 

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „მარტივი ახსნა“

 

ანაბრები და საპროცენტო განაკვეთები 

 

საპროცენტო განაკვეთების შემცირების ორი შეფასებითი განმარტება არსებობს: შეიძლება ვთქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთები დაეცა, მაგრამ შეიძლება თქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად დაეცა. 

დღეს კი შემიძლია ვთქვა, რომ საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად დაეცა.

 

არასაბანკო ანაბარზე საპროცენტო განაკვეთები იცვლება და  ვარდნა დაახლოებით 60–დან 70 პროცენტამდეა.  ეს არის უკვე იმ ტენდენციის გამოხატულება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. თუ ჩვენ ავიღებთ ნებისმიერი, მოწინავე ბანკის საპროცენტო განაკვეთს ერთი წლის წინ, შეიძლება ვნახოთ, რომ 1 წლის წინ დოლარში, 12 თვიანი ჩვეულებრივი ანაბარი დაახლოებით 9–10 პროცენტის ფარგლებში იყო. დღეს არის 4.5–5 პროცენტი.  ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ის ადამიანები, ვისაც 100 000 დოლარი ჰქონდა ანაბარზე შეტანილი და იღებდნენ  10 000 დოლარს 1 წლის განმავლობაში, დღეს 5 000 დოლარს აიღებენ. 900 დოლარის მაგივრად, რომელსაც იღებდნენ თვეში, დღეს 450 დოლარს მიიღებენ. ეს მკვეთრი ვარდნა აუცილებლად დაემჩნევა სხვადასხვა ბანკს თუ არასაბანკო დაწესებულებებს.

 

ეს იმიტომ, რომ ეს ფული ერთის მხრივ სადღაც გადაედინება. მაგალითად ჩვენთან ცოტა უფრო მეტად გაიზარდა ასეთი შემთხვევები მას შემდეგ, რაც  საპროცენტო განაკვეთი დავწიეთ, მაგრამ ისე  დრამატულად არა როგორც ბანკებში. ჩვენთან უკვე გაჩნდა ხელშეკრულების არ გაგრძელების შემთხვევები, რაც ადრე არ იყო. ეს თანხა მიდის ძირითადად უძრავ ქონებაში. ადამიანებს   უძრავი ქონების ყიდვა ურჩევნიათ.

 

საინტერესოა რატომ არ მცირდება სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ისე, როგორც ეს მცირდება ანაბრებზე? ამას თავისი მარტივი ახსნა აქვს: თუ თქვენ გაქვთ მიღებული ანაბრები გუშინ 100 დოლარით და დღეს შეამცირეთ 2–ჯერ საპროცენტო განაკვეთი, ეს არ  ნიშნავს, რომ მთელი თქვენი ანაბრების პორტფელი უცბათ, ერთ დღეში იგივე რაოდენობით შემცირდება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს თავისთავად საპროცენტო განაკვეთების კლებას გამოიწვევს. სხვადასხვა პროდუქტზე შეიმჩნევა ეს. მაგალითად, არის პროდუქტები, რომელზეც არის მიმდინარე მომენტში 9.95 პროცენტი, არასამომხმარებლო სესხები–რომელზეც არის  13.5–13.95 პროცენტი. ამას თუ შევადარებთ 1 წლის წინანდელ პერიოდს, განსხვავებას დავინახავთ. მახსოვს, ერთ–ერთი ჩემი მომსახურე ბანკი არ გვაძლევდა სამომხმარებლო სესხს 18 პროცენტზე ნაკლებად. თუმცა დღეს, აბსოლუტურად მარტივია იგივე ბანკში მივიდეთ და ავიღოთ სესხი 13.95 პროცენტში.

 

თუ ანაბრების შემთხვევაში საპროცენტო  განაკვეთები ორჯერ შემცირდა, სასესხო პორტფელში ეს ორჯერ არ შემცირდება. საპროცენტო განაკვეთების  კლება არასდროს არ იწვევს პირდაპირ ეფექტს სესხების პროცენტის დაკლებაზე. ბანკებმა ჩვეულებრივად უთხრეს ხალხს, ფული მოგვაშორეთო, შეიძლება ასე ითქვას. ეს ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაშიც არის სიმართლის გარკვეული წვეთი.

 

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გაიზარდა რისკები. ბანკებმა მთელი ამ წლების განმავლობაში, დანის წვერზე გაიარეს და ყველა ის რისკი, რომელიც 2008 წლის შემდეგ იყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, თავის თავზე აიღეს და გადაატარეს. დღეს ბანკი ამით საზოგადოებას ეუბნება: მე ვეღარ ვაფინანსებ  იმ ოდენობით, რა რაოდენობითაც ვაფინანსებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი რისკები გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მე უნდა შევამცირო ანაბრის პროცენტი იმისთვის, რომ  ან მოგცე იმაზე ფიქრის საშუალება, რომ შენ სხვაგან წაიღო ეს ფული (არასაბანკო სექტორში), მაგალითად უძრავ ქონებაში და ასე შემდეგ. ან მე მიღირს იმდენად ჩემი  რისკი, რომ ამაში შენ გადაგიხდი ამდენს და ვიცი რომ ისედაც არსად არ წაიღებ. 

 

არაკვალიფიციური მსესხებლის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ერთ–ერთი ბანკის წარმომადგენელმა ახსენა, რომ ბიზნესსესხებზე სიტუაცია სტაბილურადაა, ხოლო აგროსესხებზე მოთხოვნა აწეულიაო. ვისაც საბანკო სფერო ოდნავ მაინც ესმის, იცის ეს მესიჯი რასაც ნიშნავს. აგროსესხების პროცენტი მთლიან საბანკო პორტფელში ძალიან მცირეა და ის შეიძლება მაქსიმუმ 5 პროცენტი იყოს. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთი მესიჯია, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ 5 პროცენტიან სექტორში არის მხოლოდ და მხოლოდ ზრდა და დანარჩენ 95–ში არის სტაბილურობა. ეს არის ის სიმართლე, რის გამოც ბანკები ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. 

 

როდესაც ადამიანები გაიგებენ ამას, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 70–80 პროცენტმა შეიძლება დატოვოს ფული  იმიტომ, რომ ბანკში ფულის შენახვა მაინც სტაბილურობის გარანტია. თუმცა იმ 20 პროცენტს, რომელიც შეიძლება გარეთ აღმოჩნდეს, შევაფასებდი დადებითად იმიტომ, რომ  ფული ეკონომიკაში წავა. ეს 20 პროცენტი თანხობრივად არის 400–დან 500 მილიონ ლარამდე – ფიზიკური პირების ვადიანი ანაბრები.

 

არასაბანკო ბაზარი 

 

პირველ საკრედიტო კავშირში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები  2–2.5 პროცენტით არის დაწეული. მიმდინარე მომენტში, რასაც ჩვენ ვიხდით დოლარში, ეს არის 15 პროცენტი. თუმცა საშუალოდ ჩვენ გვიჭირავს 14–14.5 პროცენტი. 


თამასუქებზე მდგომარეობა უფრო ცვალებადია. ვთქვათ, დიდი ხანი ვინც არის ბაზარზე, ის მიკროსაფინანსოები სთავაზობენ 12–14 პროცენტს და შედარებით ახლები – 20 პროცენტს. თუმცა კლება სახეზეა იქიდან გამომდინარე, რომ საპროცენტო განაკვეთები თავის დროზე კიდევ უფრო მეტი იყო. 

 

პროგნოზია, რომ ეს კლება გაგრძელდება. ეს გამოიწვევს იმას, რომ დაახლოებით შემოდგომისთვის მიკროსაფინანსო ინსტიტუტები კიდევ უფრო შეცვლილი საპროცენტო განაკვეთებით დახვდებიან.

 

ერთი რჩევა მინდა მივცე ყველას: ბანკებს სჩვევიათ სარეკლამო რგოლებში ისეთი ხრიკების გამოყენება, როგორიც არის: „არსებულ საპროცენტო განაკვეთებს ვუმატებთ 2 პროცენტს“, „გაჩუქებთ 2 პროცენტს, 3 პროცენტს“ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ყოველთვის  გაიგეთ, რა ემატება. ანუ გაიგონ საბოლოო ეფექტური პროცენტი. ჩვენს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავუხადოთ 70–80–ით უფრო მეტი. 

 

იმ აქციების შედეგი, რომლებიც მოწინავე ბანკებმა დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაატარეს, დღევანდელი სიტაუციაა. მე მაშინვე ვამბობდი, რომ ის პროცენტები არაადეკვატური იყო. ბანკი აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაა. ის ყოველთვის მუშაობს თავის იმიჯზე, სანდოობაზე, სერვისზე, ხარისხიან მომსახურეობაზე. ამიტომაც ვამბობ, რომ ხვალ და ზეგ საქართველოში რომ შეიქმნას 21–22 და 23–ე ბანკი, მათ ასპარეზი სად უნდა ჰქონდეთ და სად რჩება საბანკო ნიშა, ძალიან გაუგებარია. ეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი მოწინავე ბანკი, რომელიც დღეს საქართველოშია, ჭედავდა თავის სახელს. დღეს რომ ყოფილიყო ნებისმიერი სხვა სახის ბაზარი, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ  თანხა რეალურ ეკონომიკაში  გადასულიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ 20 წლის განმავლობაში ვერ მივედით იქამდე, რომ საქართველოში ალტერნატიული ფულის ბაზარი გაჩენილიყო.